ქართული ტელევიზორების მწარმოებელი კომპანია შესაძლოა, რითეილის ბაზარზე შევიდეს - რა პრობლემებს უქმნიდნენ კომპანიას ტექნიკის მაღაზიები

ქართული ტელევიზორების მწარმოებელი კომპანია შესაძლოა, რითეილის ბაზარზე შევიდეს და დედაქალაქში საკუთარი მაღაზიები გახსნას.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის რუსთავში მდებარე ქარხანა AG Telekom-მა ქართული ტელევიზორების მასობრივი წარმოება შეაჩერა და ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო რისივერების წარმოებაზე გადავიდა.

მიხეილ ღლონტი აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოებული ტელევიზორები მაღალი ხარისხის არის და საკმაოდ მოთხოვნადიც, თუმცა, ტექნიკის მაღაზიები კომპანიას პრობლემებს უქმნიან. კერძოდ, მისი თქმით, ზოგიერთი ქსელი მომხმარებელს ტელევიზორის ყიდვას არ ურჩევდა, ზოგ შემთხვევაში კი წინასწარ ითხოვდა გარკვეულ თანხას იმისთვის, რომ მათ ქსელში AG Telekom-ის მიერ წარმოებული ქართული ტელევიზორები განთავსებულიყო.

„ტექნიკის მაღაზიებთან ურთიერთობა ვერ შევძელით. ზოგიერთმა მაღაზიამ ჩვენი პროდუქცია არ მიიღო, ზოგიერთმა ფული მოგვთხოვა, ზოგან კი, სადაც ჩვენი პროდუქცია იყო წარმოდგენილი, კონსულტანტები მომხმარებელს საერთოდ არ აკარებდნენ. ალბათ, არ უნდოდათ ქსელებს მათ მიერ შემოტანილი პროდუქცია „ჩაწოლოდათ“. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ თბილისში, 2 ლოკაციაზე მაღაზიები გავხსნათ და ჩვენი პროდუქცია ბრენდული ქსელიდან მივაწოდოთ მომხმარებლებს“, - განაცხადა ღლონტმა.

მისივე თქმით, 2018 წლის ბოლოს ტელევიზორების წარმოების განახლება აუცილებლად მოხდება. „პირდაპირი შეკვეთები უკვე მოვიდა უცხოეთიდან, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა მოგვცა შეკვეთა. აქამდე წარმოებული ტელევიზორების 90%-იც ექსპორტზე გავიდა, საქართველოში დარჩენილიდან მცირე ნაწილი მაღაზიებში გაიყიდა, დიდი ნაწილი კი სასტუმროებმა შეიძინეს.

ახლა ტაბლეტი მაქვს ნიმუშად დამზადებული, მაგრამ ვერ ვიწყებ წარმოებას, რადგან შეიძლება ისეთივე მდგომარეობაში აღმოვჩნდე, როგორც ტელევიზორების შემთხვევაში მოხდა“, - განაცხადა მიხეილ ღლონტმა.

შეგახსენებთ, ბაზარზე ქართული წარმოების ტელევიზორი 2016 წლის 1-ლი ივნისიდან გამოჩნდა.მაშინ ქარხნის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ ტელევიზორის ფასი კონკურენტუნარიანი იქნებოდა სხვა იმავე ხარისხის პროდუქციასთან შედარებით. 2016 წლკის ივნისის ბოლოს ღლონტი აცხადებდა, რომ ქართულმა ტელევიზორმა Samsung-ის პროდუქციას კონკურენცია გაუწია. „გორგიაში 32-ინჩიანი ტელევიზორი 479 ლარად იყიდებოდა, 40-ინჩიანის ფასი კი 699 ლარს შეადგენდა.