OPEC-ი ნავთობზე მოთხოვნის ზრდის ტემპის კლებას ვარაუდობს

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) 2019 წელს ზედიზედ მესამედ შეამცირა ნავთობზე მოთხოვნის ზრდის ტემპის პროგნოზი.ამის მიზეზად კი, სავაჭრო კონფლიქტები და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების შემზღუდველი სხვა ფაქტორები დასახელდა.

OPEC-ის დაანგარიშებით, მომავალ წელს ნავთობზე მოთხოვნის ტემპი დღიურად 1.36 მილიონი ბარელი იქნება, ეს კი წინა პროგნოზის მაჩვენებელზე 50 ათასი ბარელით ნაკლებია. გარდა ამისა, ორგანიზაციამ მისი წევრების მიერ ექსპორტირებულ ნავთობზე მოთხოვნის კლებაც ივარაუდა. კერძოდ, ის დღეში 300 000 ბარელით ნაკლები, 31.8 მილიონი ბარელი იქნება, რაც წლევანდელ მოთხოვნაზე დღიური 900 000 ბარელით ნაკლებია.

ცნობისათვის, OPEC-მა სექტემბერში გამოაცხადა, რომ მის წევრ ქვეყნებში დღიური მოპოვება 132 000 ბარელით, 32.76 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ეს კი 2017 წლის აგვისტოს შემდეგ, უმაღლესი მაჩვენებელია.

გასულ თვეში მოპოვების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი საუდის არაბეთსა და ლიბიაში დაფიქსირდა - შესაბამისად, დღეში 108 000 და 103 000 ბარელი. ეს ჯამში იმაზე მეტია, ვიდრე ბაზრიდან ირანის გამოთიშვის შედეგად დარჩენილი დეფიციტი (150 000 ბარელი). საბოლოოდ, სექტემბერში დღიურმა მოპოვებამ 3.447 მილიონ ბარელს მიაღწია. OPEC-ის ინფორმაციით, თეირანმა ორგანიზაციას შეატყობინა, რომ დღიური მოპოვება 51 000 ბარელით, 3.775 მილიონ ბარელამდე შეამცრა.