თაღლითებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მილიონები იშოვეს

მაკაო ჩინეთის სათამაშო ბიზნესის დედაქალაქად მიიჩნევა.

მაკაოს პოლიციამ ორი არალეგალური სათამაშო სინდიკატის 26 წევრი დააკავა. ისინი ბრაზილიაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფსონებს იღებდნენ. ფსონების საერთო რაოდენობამ ასეულობით მილიონი დოლარი შეადგინა.

მაკაო ჩინეთის სათამაშო ბიზნესის დედაქალაქად მიიჩნევა. სამართალდამცავებმა თაღლითები მაკაოს ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. ბუკმეკერები ზარებსა და ონლაინ-ფსონებს მთელი მსოფლიოდან იღებდნენ.

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთმა კლიენტმა ფსონის სახით 5 მლნ დოლარიც კი დადო.

დაკავებულები ჰონგკონგიდან და მალაიზიიდან არიან. ისინი სასტუმროდან ხელბორკილებითა და თავზე ჩამოფარებული შავი ნიღბებით გამოიყვანეს.

ჩინეთში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია, თუმცა ნებადართულია მაკაოში და მცირე დოზით ჰონგკონგში - ამ ქალაქებს ქვეყნის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონების სტატუსი აქვთ.