„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" ანსამბლ „მეტეხის" მიერ შესრულებული სიმღერებითა და ცეცხლის შოუთი დასრულდა. ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და "მეიდან ჯფუგის" მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე, რომელიც წელს მეორედ გაიმართა, 50-მდე კომპანიამ ქართული პროდუქცია წარმოადგინა.შარდენზე შეკრებილ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ჩურჩხელა, ჩირი, უნიკალური სახეობის ყველი, ხილი და თაფლი დაეგემოვნებინათ.
იმისათვის, რომ დეგუსტაციის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ყოფილიყო, მთელი დღის განმავლობაში ფესტივალი დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით. შეკრებილი საზოგადოების განწყობაზე ზრუნავდნენ ქართული ფოლკლორული ანსამბლები, უცხოური მუსიკალური ჯგუფები, მოძრაობის თეატრის მსახიობები, დრამერები და ოჩოფეხები. შარშანდელის მსგავსად, წელსაც ფესტივალს აფორმებდნენ მიმები.
„წლევანდელი ფესტივალი, შარშანდელთან შედარებით 3-ჯერ უფრო გაუმჯობესებული იყო. მოვიდა ძალიან ბევრი სტუმარი და ყველა კმაყოფილია. ღვინის კომპანიებმა თავიანთი მარაგები სამჯერ გადაავსეს. ქართველ ფოლკლორულ ჯგუფებს ენაცვლებოდნენ უცხოური მუსიკალური ჯგუფები. შოუ მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. გასული წლის გამოცდილებით, მოლოდინი გვქონდა, რომ ჩვენი კონცერტი ტურისტებს ააცეკვებდა, მაგრამ წელს ამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა იმიტომ, რომ აქ მოსული ყველა სტუმარი ცეკვავდა, მღეროდა, ერთობოდა. ყველაფერი რისთვისაც ქართველი სტუმრები აქ ჩამოდიან, დღეს ერთ სივრცეში იყო თავმოყრილი.
ფესტივალი მომავალ წელსაც აუცილებლად გაიმართება, კიდევ უფრო გაუმჯობესებული და მასშტაბური. წელს ჩვენი ფესტივალი ასეთი ანშლაგით გემშვიდობებათ,“ - განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანანო თავხელიძემ.
„ქართული ღვინის ფესტივალს“ სტუმრობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები. ანსამბლების მიერ შესრულებულ სიმღერებზე სტუმრების ნაწილმა ქართული ცეკვებიც შეასრულა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ტურისტები აღნიშნეს, ქართული ღვინო მრავალფეროვანი გემოთი გამოირჩევა. მათი თქმით, ღვინო ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რის წაღებასაც ისინი საქართველოდან გეგმავენ.
მსგავსი ფესტივალების ჩატარებას მიესალმებიან ქართული ღვინის კომპანიის წარმომადგენლებიც, რომელთა აზრითაც, ამგვარი ფესტივალები ტურიზმის განვითარებასა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
„ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ 11:30 საათზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა და საღამოს 19:00 საათამდე გაგრძელდა.
ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები იყვნენ: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.
ფესტივალის მედია მხარდამჭერები იყვნენ: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge, events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.