ევროპული ნავთობის ფასი შეიძლება გაიზარდოს ბარელზე120-125 დოლარამდე.
გასული კვირის მთავარ მოვლენად შეიძლება ნავთობზე ფასების ზრდის ტენდენცია ჩაითვალოს. ლიბიასა და უკრაინის დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას დაემატა ერაყში განახლებული ომი. ბაზრის მონაწილეთა მხრიდან გაჩნდა საფუძვლიანი შიში ერაყული ნავთობის მიწოდების შეფერხების გამო. ქვეყანა ყოველდღიურად მოიპოვებს 3.3 მილიონ ბარელს. ამას ემატება გამოქვეყნებული დადებითი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ჩინეთიდან და შეერთებულ შატატებიდან, რაც შესაბამისად გამოიწვევს ეკონომიკის და ნავთობის მოხმარების გაზრდას. თუ მდგომარეობა ცუდი სცენარით განვითარდა და ერაყმა შეწყვიტა ნავთობის მოპოვება - მიწოდება, ევროპული ნავთობის ფასი შეიძლება გაიზარდოს ბარელზე 120-125 დოლარამდე.
რაც შეეხება მოსალოდნელ მოვლენებს, რომლებიც იმოქმედებენ ბირჟების მონაწილეებზე -კვირის დასაწყისში, ევროპაში გამოქვეყნდება საწარმოო აქტიურობის და მომსახურების ინდექსები და ეს ინფორმაციები მნიშვნელოვნად იმოქმედებს ევროს კურსზე. სამშაბათს გერმანიაში გამოვა საქმიანობის კლიმატის და მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი. წინასწარი მონაცემით, ნავარაუდევია მატება. შეერთებულ შტატებში კი გამოქვეყნდება მომხმარებლების ნდობისა და ახალი სახლების ყიდვა-გაყიდვის ინდექსი, რომელიც სათანადოდ იმოქმედებს დოლარის კურსზე. ოთხშაბათს, იტალიაში გამოქვეყნდება საცალო გაყიდვებისა და მომხმარებლების ნდობის ინდექსი, საფრანგეთში - საქმიანობის აქტიურობის მაჩვენებელი, ხოლო შეერთებულ შტატებში - ბენზინისა და ნავთობის მარაგების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც აისახება ამერიკული ნავთობის ფასზე. ხუთშაბათს, დიდ ბრიტანეთში ელოდებიან მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს და მის ასახვას ფუნტ სტერლინგის კურსზე. პარასკევს, იაპონიაში გამოვა სამომხმარებლო ფასების, უმუშევრობის და საცალო გაყიდვების შესახებ მონაცემი, ევროპაში - ბიზნესკლიმატისა და მომხმარებლების ნდობის ინდექსი, ხოლო გერმანიაში - სამომხმარებლო ფასების ინდექსი და წინასწარი ინფორმაციით, ნავარაუდევია მატება.
მომზადებულია კომპანია „Admiral Markets“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ