მზის ელემენტებიანი მანქანა სამხრეთ პოლუსისკენ გაემგზავრება

ორ თვეზე ნაკლები დარჩა უჩვეულო ექსპედიციის დაწყებამდე, რომელშიც ჰოლანდიელი ცოლ-ქმარი, ედვინ და ლიზბეტ ტერ ველდეები მიიღებენ მონაწილეობას.

ექსპედიცია გადამუშავებული პლასტიკით აგებული ყველგანმავალი მანქანით განხორციელდება, რომელიც ელექტრო ძრავით და მზის ელემენტებით არის აღჭურვილი.

მანქანის სახელია „სოლარ ვოიაჯერი“ და ის მისია „ქლინ-2 ანტარქტიკასთან“ პარტნიორობით შეიქმნა. ანტარქტიკის თოვლიან გზებზე, მას მოგზაურებთან ერთად, 2 400 კილომეტრის გავლა მოუწევს. „სოლარ ვოიაჯერი“ კაბინისგან და პლატფორმისგან შედგება, რომელზეც მზის სამი პანელია განლაგებული. ეს ყველაფერი კი რვა, უჩვეულო კონსტრუქციის ბორბალზე დგას, რომლებსაც ფართო კონტაქტი აქვთ და დაბალი წნევით არის დაბერილი, რაც თოვლში გადაადგილებას გააადვილებს.

ყველაზე უჩვეულო კი ძარის კონსტრუქციაა, რომელიც 4 000 ცალი ექვსკუთხა ნაწილისგან (ჰექსქორს) შედგება. ისინი 3D-პრინტერზე დაბეჭდეს, ნედლეულად კი დაქუცმაცებული პლასტმასის ბოთლები გამოიყენეს. „სოლარ ვოიაჯერის“ სიგრძე 16 მეტრს აღწევს. ძარა ასევე აღჭურვილია ექვსი ვაკუუმური მილით, რომლების დანიშნულებაც, თოვლის დნობაა.

„სოლარ ვოიაჯერი“ 1 485 კილოგრამს იწონის. მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 8 კმ/სთ-ია. კაბინას აქვს საბარგული, რომელშიც 47 დღისთვის სამყოფი სანოვაგე მოთავსდება. ელექტრო ძრავის ენერგიით უზრუნველყოფის გარდა, მზის ელემენტების მიერ გამომუშავებული ენერგია კაბინის გათბობასაც მოხმარდება.

ექსპედიცია სტარტს ბაზა „იუნიონიდან“ აიღებს და სამხრეთ პოლუსისკენ გაემგზავრება. ედვინი და ლიზბეტი იმედოვნებენ, რომ ორივე მიმართულებით მოგზაურობას 30 დღეში დაასრულებენ.