ამერიკის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი საშემოსავლო გადასახადს რამდენიმე წლის განმავლობაში არ იხდიდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიზნესი წარმატებით ვითარდებოდა და შემოსავალი იზრდებოდა, ის გადასახადის გადახდას მაინც თავს არიდებდა. აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გაეცნო კუშნერთან და მის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიის Kushner Companies-ის ფინანსურ ინფორმაციას. ეს კომპანია უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებს. ანგარიში მოიცავს 2009-2016 წლის პერიოდს და მასში წერია, რომ კუშნერი „როგორც ჩანს, პრაქტიკულად არ იხდიდა ფედერალურ საშემოსავლო გადასახადს“, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის კომპანიამ უძრავი ქონების შეძენაში მილიარდობით დოლარი დახარჯა, ხოლო მისმა პირადმა შემოსავლებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ხუთჯერ იმატა და 324 მილიონი დოლარი შეადგინა.
გაზეთის ვერსიით, თავის არიდების მიზეზი გახდა ის მეთოდი, რომელსაც მიმართა Kushner Companies-მა და რომელიც საშუალებას იძლევა კომპანიამ ფიქტიურად აჩვენოს, რომ მუშაობს წაგებაზე და მისი უძრავი ქონება იაფდება. „თუმცა წაგება იწერებოდა მხოლოდ ქაღალდზე, კუშნერი და მისი კომპანია არანაირ წაგებაზე არ ყოფილან“ -დასძენს გამოცემა. სტატიაში წერია, რომ ეს მეთოდი, როგორც ასეთი, გამოიყენება და კომპანიას ამით კანონი არ დაურღვევია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული მედია ჯარედ კუშნერზე მსგავს რამეს წერს. სექტემბერში სააგენტო Associated Press-მა დაწერა, რომ Kushner Companies-ს ნიუ-იორკის მერიისადმი დაუგროვდა ნახევარმილიონიანი დავალიანება. ეს დავალიანება კი ძირითადად ქალაქის ხელისუფლების მიერ გამოწერილი ჯარიმებია. მანამდე კი The Wall Street Journal-ი იუწყებოდა, რომ ამერიკის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისია აწარმოებდა ძიებას Kushner Companies-ის წინააღმდეგ, რომელიც თითქოს გასცემდა საზღვარგარეთ მდიდარ მოქალაქეებზე ვიზების გაცემის რეკომენდაციას ინვესტიციების განხორციელების საბაბით.
კოკა კვირკველია