მთავრობა კომერციულ ატაშეებს ნიშნავს უცხოეთში, რომელზეც დამატებითი ფული უნდა დაიხარჯოს, მაშინ, როცა საელჩოების უმრავლესობა უსაქმურად არის და იქ მომუშავე ადამიანები მინიმალურად არიან დატვირთული, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
დეპუტატის განცხადებით, სწორედ საელჩოები უნდა იყვნენ ინვესტიციების მოზიდვით დაკავებული, რასაც საკუთარი რესურსებით და კვალიფიციური კადრებით უნდა აკეთებდნენ და “არა რაღაც ახალი და ხარჯიანი სამსახურების შექმნით“.
“საუკეთესო გზა კი არის მთავარ პარტნიორ ქვეყნებში, გარკვეული დროით, უცხოური კომპანიების დაქირავება, რომელთა ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კონკრეტულ შედეგზე. ასეთი სისტემა არსებობს მაგალითად ჰონგ კონგში, რომლის შესახებაც ახლახან ისაუბრა ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ, რომელიც კარგად იცნობს ამ რეგიონს, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე“, - წერს რომან გოცირიძე