დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეთ მეორის შვილიშვილის, იორკის პრინცესა ევგენიას და მისი მეუღლის ჯეკ ბრუკსბენკის ქორწილი 2,7 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა.
ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს ქორწილი სამეფო ოჯახის წლის პირველ ქორწილზე ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილზე ძვირი დაჯდა, რომელიც მაისში შედგა და 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა.
ორივე ქორწილისთვის წმინდა გიორგის ტაძარი შეარჩიეს.
ამ ცერემონიის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო, რომელიც 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა. ეს ხარჯები ბიუჯეტიდან იფარება, დანარჩენს კი სამეფო ოჯახი იხდის. დანახარჯებს შორის მეორე ადგილზეა ყვავილები, რომლითაც გაფორმდა ტაძარი, პატარძლის ავტომობილი და ხელისმომკიდეეების ბუკეტები.
ევგენიას საპატარძლო კაბა ლონდონელმა დიზაინერებმა კრისტოფერ დე ვოსმა და პიტერ პილოტომ შექმნეს. თუმცა ბუკმეიკერების გათვლებით ბოლო მომენტამდე ფავორიტებად ითვლებოდნენ ბრენდები Stella McCartney და Erdem.
პატარძლის ვარდისფერი საფირით გაწყობილი საქორწილო ბეჭდის ფასი 30 ათასი დოლარიდან 150 ათას დოლარამდე ღირს, - წერს Time.
პატარძალს ამშვენებდა ბრილიანტებით მორთული ფატა, რომელიც მას ბებიამ ათხოვა. ეს ფატა 1919 წელსაა შექმნილი ფრანგული მოდის სახლის Boucheron-ის მიერ მარგარეტ გრევილისთვის, რომელმაც მისი საიუველირო კოლექცია სრულიად უსახსოვრა სამეფო ოჯახს.
თავად ქორწილის ორგანიზება დიდ ბრიტანეთში 37 ათასი ფუნტი სტერლინგი დაჯდა.
ევგენია იორკელი სამეფო ტახტის პრეტენდენტებს შორის მეცხრე ადგილზეა. ის არის ლონდონური არტ გალერეა Hauser & Wirth-ის დირექტორი და მისი პირადი ქონება შეადგენს 3,6 მილიონ ფუნტ სტერლინგს. მისი მეუღლე კი კლუბ Mahiki-ს მფლობელია ლონდონში, ახლა ის ტეკილა Casamigos-ის ბრენდის ელჩია, რომელიც მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ შექმნა და ცოტა ხნის წინ ერთ მილიარდ დოლარად გაიყიდა.
კოკა კვირკველია