რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება უკვე დასრულდა.პროექტის კონცეფციის მიხედვით, ისტორიული კომპლექსი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მნახველს ექნება. ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული სასახლე უახლოეს წარსულში საზაფხულო რეზიდენციად გამოიყენებოდა. საბჭოთა პერიოდში ლიკანის სასახლე კი კომუნისტური ლიდერების რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კომპლექსი სამთავრობო რეზიდენციად, ხოლო 2005 წელს – საპრეზიდენტო სასახლედ გადაკეთდა.
რესტავრაციის შედეგად, სასახლეში მოეწყობა მუზეუმი. კომპლექსის ტერიტორიაზე კი სასტუმროს, საკონფერენციო დარბაზის, ვიზიტორთა ცენტრის, ადმინისტრაციული შენობისა და საფეხმავლო ხიდის მოწყობაა დაგეგმილი. ამასთან, მოხდება ისტორიული პარკის კეთილმოწყობა და დენდროლოგიური გეგმის განხორციელება.