2017 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2 379 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 4610,9 მლნ ლარი შეადგინა.ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„საქსტატის“ ცნობით, შემოსავლების უდიდესი ნაწილი - 74 პროცენტი საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს მიეკუთვნება, 10,4 პროცენტი საკომისიოებზე მოდის, ხოლო დარჩენილი 15,6 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საპროცენტო ხარჯებმა 1 479,7 მლნ ლარი შეადგინა; დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე კი 819,9 მლნ ლარი დაიხარჯა.
„გასული წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1366,0 მლნ ლარი ნაღდი ფულის სახით. 2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ფიქსირებულ აქტივებში განხორციელდა 607,5 მლნ ლარის ინვესტიცია. 2017 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1426,3 მლნ ლარი შეადგინა. წინა წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 37,8 ათას კაცს, რომელთაგან 61,4 პროცენტი ქალი იყო.
გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 413,1 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 43,4 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 17,7 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 15,5 პროცენტი - სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 7,0 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (16,4 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
2017 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 251,0 მლნ ლარით განისაზღვრა, რომლის 63,8 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 17,8 პროცენტი - სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 11,2 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 3,5 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, დანარჩენი (3,7 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.