"თბილისის აეროპორტში" არადეკლარირებული საქონლის შემოტანა აღიკვეთა

"თბილისის აეროპორტში" დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"20 ივნისს, რეისით დუბაი-თბილისი ჩამოფრინდა სომხეთის მოქალაქე გ.მ., საბაჟო გამშვებ პუნქტზე "თბილისის აეროპორტი", საბაჟო პროცედურების შესრულებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: მობილური ტელეფონი - 8 ცალი, USB გადამყვანი - 40 ცალი, ტელეფონის ეკრანი - 620 ცალი, ტელეფონის შლეიფი - 199 ცალი, მეხსიერების ბარათი - 78 ცალი, ტელეფონის დინამიკი - 75 ცალი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 8173,51 ლარი", - აცხადებენ უწყებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 8173,51 ლარის ოდენობით.