2018 წლის სექტემბერში საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი აგვისტოსთან შედარებით, 5.9%- ით შემცირდა.ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად გურიაში (-22.5%) და აჭარაში (-21.5%) შემცირდა.
„საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, სასტუმროს ფასები მხოლოდ რაჭაში გაიზარდა. თბილისში კი სასტუმროს ფასების დონე სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, არ შეცვლილა.
საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, 6.4%-ით შემცირდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად გურიაში (-38.7%) და აჭარაში (-20.4%) შემცირდა.
სექტემბერში, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ზრდა არცერთ რეგიონში არ დაფიქსირებულა. თბილისში კი ფასები 0.2%-ით შემცირდა.
საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები სექტემბერში, აგვისტოს თვესთან შედარებით 5.7%- ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად აჭარაში და გურიაში შემცირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ფასები მხოლოდ რაჭაში და თბილისში გაიზარდა,“-აღნიშნულია კვლევაში.