რუსეთის ბაზარზე საქართველოდან შესაძლოა ლურჯი მოცვიც გაიტანონ

რას შეისწავლიან რუსი სპეციალისტები საქართველოში?

საქართველოს რუსი ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი ეწვია. როგორც გავარკვიეთ, ისინი ჩვენს ქვეყანაში 29 ივნისამდე დარჩებიან. რატომ გადაწყდა ამ ჯგუფის ჩამოსვლა და კონკრეტულად, რა მისიას ასრულებენ ისინი?- ამ, და სხვა შეკითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარული დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია პასუხობს:

- ჩვენი კოლეგების ვიზიტი იმ სამუშაოს გაგრძელებაა, რომელიც შარშან დაიწყო და რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვებას ითვალისწინებს. ყველამ ვიცით, რომ პირველი პროდუქცია, რომელიც საქართველოდან რუსეთში გავიდა, ეს იყო ღვინო და ღვინომასალები, შემდეგ უკვე სხვადასხვა სახეობის ხილზეც შევთანხმდით - ეს იყო ციტრუსები, ვაშლი, მსხალი და ა.შ... სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა რუსი ექსპერტების ამჟამინდელი ვიზიტიც: რაც დარწმუნდნენ, რომ ქართული პროდუქცია კეთილსაიმედოა, ამ ჩამონათვალს დაემატა ბოსტნეული და კურკოვნები: ატამი, ბალი ალუბალი, ქლიავი, გარგარი და სხვა, ასევე სუბტროპიკული კულტურები - კერძოდ, კივი და კენკროვნები. ჩვენი სტუმრებიც სწორედ ამ კულტურებს შეისწავლიან.

- კონკრეტულად, რას?

- საერთოდ, მცენარეთა კარანტინი გულისხმობს გარკვეული წესების დაცვას, როცა მცენარეული ტვირთი ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის საზღვარზე გადადის. 1951 წელს შემუშავდა საერთაშორისო კონვენცია მცენარეთა შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ სხვა ქვეყანაში ტვირთის გატანისას, ამ ტვირთის ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობა უზრუნველყოს. "კეთილსაიმედოობა" ნიშნავს, რომ ამ ტვირთში არ უნდა იყოს საკარანტინო მავნებლები და სარეველები, რომლებიც მიმღებ ქვეყანაში არ არის დაფიქსირებული. რუსი ექსპერტები სწორედ იმის შესასწავლად ჩამოვიდნენ, თუ როგორ არის საქართველოში დაცული ეს წესები და როგორ ხორციელდება მცენარეთა ფიტოსანიტარიული კონტროლი. ესენი არიან რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა რეგიონსა და ოლქში მუშაობენ. მათი ხელმძღვანელია დენის ზინნიკოვი - რუსეთის მცენარეთა კარანტინის ინსტიტუტის კარელიის ფილიალის დირექტორი. დანარჩენი სამი მეცნიერიც ამავე ინსტიტუტის წარმომადგენელია. ისინი უშუალოდ სწავლობენ მავნებელ დაავადებებს და აინტერესებთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში. ამ ინსტიტუტს თავისი ლაბორატორიები აქვს რუსეთის სხვადასხვა მხარესა და ოლქში და ჩვენი კოლეგებიც ამ ინსტიტუტის მუშაკები არიან.

- აქ რა სამუშაო უნდა შეასრულონ რუსმა მეცნიერებმა?

- ისინი აპირებენ ჩაატარონ იმ ადგილების მონიტორინგი, სადაც რუსეთში გასაგზავნი პროდუქცია მოჰყავთ: მხედველობაში მაქვს ატმის ბაღებისა და პომიდვრის ნათესების დათვალიერება და აქაური ფიტოსანირტარული სიტუაციის შესწავლა: იმის დადგენა, თუ რა მავნებლები და დაავადებებია ჩვენთან გავრცელებული. გარდა ამისა, ისინი მონაწილეობას მიიღებენ რუსეთში გასაგზავნი პროდუქციის ფიტოსანიტარული კონტროლის პროცესშიც: ყველა პარტიას, რომელიც საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე გავა, რუსი კოლეგები ჩვენთან ერთად შეამოწმებენ. შესაბამისად გაიცემა ფიტოსანიტარული სერტიფიკატიც და თუ აღმოჩნდება, რომ ტვირთი შეიცავს რუსეთისათვის საკარანტინო, მავნე ორგანიზმს, მაშინ ბუნებრივია, ეს ტვირთი რუსეთში აღარ გაიგზავნება, თანაც, იქვე გაფორმდება აქტი, რომ პროდუქციაში მავნე ორგანიზმებია. ჩვენი რუსი კოლეგები ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ ქართველ სპეციალისტებთან ერთად. ერთი კვირა სავსებით საკმარისია იმის დასადგენად, თუ რა ფიტოსანიტარული მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში. 22 ივნისს ჩამოვიდნენ და 29 ივნისამდე აქვთ მივლინება, თუ კიდევ დამატებითი დრო არ დასჭირდათ, რაც ნაკლებად არის მოსალოდნელი.

- მათი წასვლის შემდეგ შემოწმებას ქართველი სპეციალისტები გააგრძელებენ?

- ამის შემდეგ რა თქმა უნდა, ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ ფიტოსანიტარულ კონტროლს. იქამდე კი, იგივე პროცედურები იქნება გამოყენებული, რაც ციტრუსზე ჩატარდა: გახსოვთ ალბათ, რუსი კოლეგები ჩვენს სპეციალისტებთან ერთად მანდარინის მიმღებ პუნქტებში რომ მორიგეობდნენ და დაახლოებით 20 ათას ტონამდე ციტრუსის ინსექტირება მოახერხეს. რუსი ექსპერტების მიერ ბოსტნეული და კურკოვანი ხილიც სწორედ ასე შემოწმდება. შემდეგ უკვე ჩვენმა სპეციალისტებმა უნდა გააკონტროლონ არის თუ არა ქართული ხილი და ბოსტნეული კეთილსაიმედო, ანუ მას არ უნდა გაჰყვეს ისეთი მავნებელი, რომელიც რუსეთში არ არის.

- ბატონო ზურაბ, ამის შემოწმებას საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდით?

- რა თქმა უნდა, ამას ჩვენც შევძლებდით, მაგრამ უკვე შვიდი წელია ურთიერთობა არ გვქონია და მათ თავად აინტერესებთ, კონტროლის რა სისტემაა ჩვენთან და რამდენად საიმედო იქნება რუსეთში გატანილი ჩვენი პროდუქცია ფიტოსანიტარული თვალსაზრისით. სხვათა შორის, ეს საერთაშორიოსო ნორმაა: ჩვენც შეგვიძლია ჩავიდეთ იმ ქვეყანაში, საიდანაც პროდუქცია შემოგვაქვს და გავაკონტროლოთ ის ადგილები, სადაც ის მოჰყავთ. აქ განსაკუთრებული არაფერია. ასევე მოწმდება რუსეთში სხვა ქვეყნებიდან შესატანი პროდუქციაც, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. მოგეხსენებათ, შარშან ევროკავშირის ქვეყნებიდან კარტოფილის იმპორტი აიკრძალა იმიტომ, რომ კარტოფილში ისეთი ორგანიზმები ნახეს, რომლებიც რუსეთში არ არის და ევროკავშირის ქვეყნებშია. ამ კარანტინის მიზანიც მხოლოდ ერთია: არ მოხდეს საქართველოდან რუსეთში, ან პირიქით - რუსეთიდან საქართველოში მავნე მწერებისა და ორგანიზმების შემოტანა და გავრცელება. აქ სხვა ასპექტები არ განიხილება, მათ შორის- ხარისხიც.

- ბატონო ზურაბ, მოსაწონია, როდესაც ქვეყანა ასე აკონტროლებს თავის საზღვრებს. ჩვენთანაც რომ ასე ყოფილიყო, საქართველოში ბევრი მავნებელი არ შემოვიდოდა.

-გეთანხმებით, უყურადღებობის გამო შემოვიდა ჩვენთან ამერიკული თეთრი პეპელა, კოლორადოს ხოჭო, თუნდაც იგივე კარტოფილის დაავადებები, ტუტა აბსოლუტა - მავნებელი ჩრჩილი, რომელიც ორიოდე წლის წინ შემოვიდა საქართველოში და ფართოდ გავრცელდა... კიდევ უფრო მეტი სიმკაცრეა ამ მხრივ ევროკავშირის ქვეყნებში: იქ ერთი პატარა მწერიც რომ ნახონ, მთელ ტვირთს უკან დააბრუნებენ, ან სულ გაანადგურებენ. თანდათან ჩვენც ამ მიმართულებით მივდივართ და ვცდილობთ, რომ მკაცრი რეგულაციები დავნერგოთ. მუდმივი კონტროლი არის საფუძველი იმისა, რომ მსგავსი მავნებლები ქვეყანაში აღარ შემოვიდნენ. სწორედ ამას ემსახურება ვეტერინარული და ფიტოსანიტარული სამსახურები, რომლებიც საზღვრებზე დგანან და სხვადასხვა ქვეყნიდან შესულ ტვირთს აკონტროლებენ. საზღვრებზე ჩვენთანაც დგანან სპეციალისტები, რომლებიც შერჩევით იღებენ ნიმუშებს და მერე მის ფიტოსანიტარულ კონტროლს ახდენენ. ყველა მაღალი რისკის მქონე პროდუქტი მოწმდება, მაგრამ ქვეყანაში უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც ამ საქმეს მოემსახურება, სამწუხაროდ, ჩვენ შესაბამისი მოწყობილობაც არა გვაქვს და ჩვენი აპარატურაც საკმაოდ მწირია.

- და ბოლოს, რომელ რეგიონებს ეწვევიან ჩვენი სტუმრები?

- ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს ეწვევიან, თუმცა, შეიძლება გურიაშიც ჩავიდეთ, სადაც ერთი ძალიან საინტერესო მცენარე - ლურჯი მოცვი ხარობს. ლურჯი მოცვი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ერთი პარტია უკვე გავიდა დიდ ბრიტანეთში და ახლა რუსეთშიც უნდათ, რომ გაიტანონ. ამიტომაც, გვინდა ჩვენი კოლეგები გურიაშიც ჩავიყვანოთ და ის ადგილები ვაჩვენოთ, სადაც ეს ძვირადღირებული მცენარე მოჰყავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე