დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ შესაძლოა, კლიმატის ცვლილებაზე საუბარი უსაფუძვლო არ იყოს. ასეთი განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯიაში, ქარიშხალ „მაიკლის“ მიერ დაზარალებულებთან შეხვედრისას გააკეთა.
„რაღაც ნამდვილად ხდება. ეს უდავოა. თუმცა არ ვიცი, ადამიანის მიერ არის გამოწვეული თუ არა“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე დასძინა, რომ ახლა პლანეტაზე გაცილებით სუფთა წყალი და ჰაერია, ვიდრე შარშან და ტრაპს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება სურს. თუმცა პრეზიდენტი არ აპირებს ამას ამერიკული ბიზნესი და ეკონომიკა შესწიროს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი კლიმატის ცვლილების საკითხში ყოველთვის დიდი სკეპტიციზმით გამოირჩეოდა. გასულ კვირას მან უნდობლობა გამოუცხადა გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც ექსპერტები გარემოს გადასარჩენად მსოფლიო ლიდერებს რადიკალური ზომების მიღებისკენ მოუწოდებდნენ. ამავე კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება პირდაპირ კავშირშია ადამიანის საქმიანობასთან. კვლევის მიხედვით, ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსით არის მომატებული, მომავალში კი ეს ციფრი დიდი ალბათობით 3 გრადუსამდე გაიზრდება, რასაც პლანეტისთვის შესაძლოა, სავალალო შედეგი მოჰყვეს.
კოკა კვირკველია