პირველი ნოემბრიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი სესხს ვეღარ აიღებს.
ვინ მოჰყვება შეზღუდვაში? ძირითადად ესენი არიან მოქალაქეები, რომლებსაც თანამსესხებელი თავისსავე ოჯახიდან არ ეყოლებათ, უკვე აქვთ მიმდინარე სესხი და ის კატეგორია, რომელთა გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის. კრედიტს ვერც ის გაეკარება, ვისაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არა აქვს, - წერს გაზეთი "რეზონანსი".
რაც ასევე მნიშვნელოვანია, იცვლება სესხის მოცულობის დონე და იგი მსესხებლის შემოსავალთან მოვა შესაბამისობაში. კერძოდ, თუკი პირს 1000 ლარამდე შემოსავალი ერიცხება, 200 ლარზე მეტ თანხას ვერ აიღებს. სესხის მოცულობა შემოსავლის შესაბამისად მატულობს, თუმცა უდავოა, რომ მსესხებელთა კატეგორიას უამრავი ადამიანი მოაკლდება. სპეციალისტების ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი განახევრდეს, მინიმუმ კი 40%-ით შემცირდეს.
ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი ალექსანდრე ძნელაძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში საკრედიტო პოლიტიკა საგრძნობლად შეიცვლება.
"ცვლილება ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით არის მოსალოდნელი. შეიძლება განახევრდეს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ახლა შეუძლია სესხის აღება. ცხადია, ბევრი მათგანი 1-ლი ნოემბრიდან ვერ მიიღებს თანხას, ასეთი კი მსესხებელთა დაახლოებით 40%-ია. საკრედიტო პორტფელის შემცირებას ველოდები, მაგრამ ამ მიმართულებით განახევრება აშკარად გადაჭარბებული ნათქვამია.
საბანკო სექტორისთვის სესხები ძირითადი მიმართულება არ არის და პრობლემა მისთვის დროებითია. ერთბაშად რამდენიმე წესი იქნა შემოღებული, რაც საკრედიტო პოლიტიკას მნიშვნელოვნად შეცვლის. ცნობილია, რომ პირველი ნოემბრიდან სიახლე შეეხება კომერციულ ბანკებს, ხოლო მომავალ წლიდან არასაბანკოებსა და სესხების გამცემ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებზეც გავრცელდება. უფრო რთული იქნება ეს პროცესი მიკროსაფინანსოებისთვის, მაგრამ არა იმ ნაწილისთვის, რომელიც ბიზნესებზეა ორიენტირებული, თუმცა გარკვეული უარყოფითი ეფექტი ექნება", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ძნელაძე.
როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტი "საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენელი ანი ალიბეგაშვილი ამბობს, გარკვეული პრობლემა ექმნებათ არა მხოლოდ მცირეშემოსავლიანებს, არამედ საშუალო და დიდი შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირებსაც, რამდენადაც სესხი ლიმიტირებული იქნება.
"რეგულაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იცვლება სესხის მოცულობის მაჩვენებელი, რაც გულისხმობს, რა თანხა შეიძლება მიმართოს ფიზიკურმა პირმა სესხის დასაფარად. აქამდე ეს შიდა საბანკო პროცედურა იყო, მაგრამ ახლა ეროვნული ბანკი მკაცრად გააკონტროლებს და მიუთითებს ბანკებს იმ მაქსიმალურ თანხას, რითაც შეიძლება თითოეულმა მომხმარებელმა შემოსავლის მიხედვით ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართოს.
შემოსავალი დაიყოფა სხვადასხვა კატეგორიად - 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე და ა. შ. ეს ცვლილება შეეხება მომხმარებლების ყველა ფენას, როგორც დაბალი, ასევე საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პირებს. მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა იქნება ბევრად უფრო შეზღუდული.
წინასწარ მიჭირს პროგნოზი, მაგრამ ფაქტია, რომ ჭარბვალიანობის ახალი შეფასების კრიტერიუმს უკვე ვეღარ დააკმაყოფილებს სესხით მოსარგებლე მომხმარებლების უმეტესობა. დღეს თუ 1000-ლარიანი შემოსავლის მქონე მსესხებელს 350 ლარის გადახდის საშუალება ჰქონდა, ნოემბრიდან უნდა შემცირდეს ეს თანხა 200 ლარამდე. დათმობაზე თუ არ წამოვიდა სებ-ი და ხელშეკრულებაში ცვლილება თუ არ შევა, მომხმარებელი პარალელური სესხის აღებას ვერ შეძლებს.
ეს თავისთავად გულისხმობს, რომ სასესხო პორტფელი მნიშვნელოვნად შემცირდება, სავარაუდოდ, 20-დან 45%-ის ფარგლებში. ესეც უხეში გათვლით. საბოლოოდ მისი მოცულობა დამოკიდებულია რეგულაციასა და ახალი დებულების ამოქმედებაზე, რომელსაც საბოლოო სახით წარადგენენ", - ამბობს ალიბეგაშვილი.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ბანკის რეგულაცია, მომხმარებლების დაცვის ნაცვლად, ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელ ირაკლი ბერძენაძის შეფასებით, სამომხმარებლო სესხები განახევრდება, ხოლო იპოთეკური სესხების მოცულობა თითქმის 70%-ით შემცირდება. იგი საუბრობს მსესხებლების სხვადასხვა კატეგორიაზეც, რომელთაც მომდევნო თვიდან სესხის აღება ეზღუდებათ.
"1-ლი ნოემბრიდან სესხს ვერ აიღებს ის ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს სასესხო ვალდებულება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას თავდებობა ოჯახის წევრმა უნდა გაუწიოს. დაბანდების პრობლემაც აუცილებლად იქნება. გამოდის, რომ თუ დღემდე კრედიტის ხელმისაწვდომობა ხალხს ჰქონდა, ნოემბრიდან მოთხოვნა იქნება, მაგრამ ადამიანი სესხს ვერ აიღებს. უნდა ჩავთვალოთ, რომ უამრავ დარგს შეუქმნის პრობლემას, რეგულაცია ჭარბვალიანობის შემცირებას ითვალისწინებს, მაგრამ, რეალურად, ეს არის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ბერძენაძე.
მისი თქმით, დაკრედიტება შემცირდება, მაგრამ მსესხებლები მაინც მონახავენ ალტერნატივას და გადაინაცვლებენ შავ ბაზარზე.
"შავ ბაზარზე დღეს რაც ხდება, გასაგებია, მევახშეები ჯერ კიდევ აგრძელებენ საქმიანობას და ხალხს მათი ბიზნესის გამო სერიოზული პრობლემა აქვს. ახლა მსესხებლები სწორედ მევახშეებისკენ გადაინაცვლებენ. ცხადია, რომ სახელმწიფო უხეშად ჩაერია ბაზარზე და ამ რეგულაციით უამრავ ადამიანს შეუქმნა პრობლემა. ფაქტობრივად, სებ-მა განუსაზღვრა ადამიანებს, რამდენი აიღონ სესხი ან თუ არ აქვთ დადასტურებული შემოსავალი, არ იყიდონ ბინა და სხვა.
რეალურად, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა, რაც ათიათასობით ადამიანის მდგომარეობას დაამძიმებს. სამომხმარებლო სესხები შესაძლოა, განახევრდეს, ხოლო იპოთეკური სესხების მოცულობა თითქმის 70%-მდე შემცირდება, მეტად თუ არა. გასათვალისწინებელია, ასევე, რომ ახლა მოდის სეზონი, როცა სესხი ყველაზე მეტად სჭირდებათ. შესაბამისად, მასზე ხელმისაწვდომობა გართულდება, რის გამოც ხალხს სერიოზული პრობლემა შეექმნება", - ამბობს ბერძენაძე.
შეგახსენებთ, რომ "ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ" ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციის ნაწილი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. დებულების თანახმად, რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის - პირველი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის იანვრიდან შევა ძალაში.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"