"დუგლაძეების ღვინის კომპანიას" და "ჯეოსპორტპრომს" შემოწირული თანხები უკან დაუბრუნდა

კოალიცია "ქართული ოცნება" სახელმწიფო აუდიტის მონიტორინგის სამსახურის განცხადებას ეხმაურება.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიას" და "ჯეოსპორტპრომს" შემოწირული თანხები უკან დაუბრუნა. კოალიციის განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ" ფული მას შემდეგ დააბრუნა, რაც აუდიტის სამსახურმა აცნობა, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ განხორციელებული შემოწირულობით კანონი დაირღვა.

"მიმდინარე წლის 20 ივნისს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ანგარიშზე შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიამ" და "ჯეოსპირტპრომმა" განახორციელა შემოწირულობა, თოთოეულმა 20 000-20 000 ლარის ოდენობით. 20 ივნისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წერილობით გვაცნობა, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ განხორციელებული შემოწირულობით, ორგანული კანონის 25-ე მუხლის მეორე "ბ" პუნქტით დადგენილი ნორმა დაირღვა, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება და ორივე კომპანიას, იმავე დღეს უკან დაუბრუნდა მათი მხრიდან შემოწირული 20 000-20 000 ლარი, რაზეც არსებობს შესაბამისი საგადასახადო დავალება”, - აცხადებენ კოალიციაში.

"ქართული ოცნების" განცხადებით, საარჩევნი სუბიექტი არ არის ვალდებული გააკონტროლოს, თუ ვისი მხრიდან ხორციელდება შემოწირულობა. როგორც კოალიციაში განმარტავენ, ამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კერძოდ, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ახორციელებს.

პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახური კოალიცია "ქართულ ოცნებას" უკანონო შემოწირულების მიღებაში ედავება.