მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კომპანია „ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებული მენაშენეები საპროტესო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოლოდინი დაუსრულებელი სამშენებლო სამუშაოების ახალ-ახალ ინვესტორზე გადაცემის შესახებ, გაუსაძლისია.
ამასთან, აქციის მონაწილეები ითხოვენ, „ცენტრ პოინტის” საქმეზე დაკავებულ პირებს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდეთ.
„მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან გვინდა შეხვედრა. გუშინ ღამით აქ გავათენეთ და აქციების შეწყვეტას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ უკიდურესაც გაუსაძლისია უკვე ჩვენი მოლოდინი, რომ მშენებლობას ახალი ინვესტორი დაასრულებს. არ ვიცით, ახალი ინვესტორი შემოდის თუ არა, ოფიციალური დოკუმენტაცია ჩვენ არ გაგვაჩნია და სახელმწიფო ბრალდება ურიგდება თვითონ თაღლითებს, რომ საპროცესო გარიგება შედგეს, მაგრამ ჩვენს ამის სასტიკად წინააღმდეგები ვართ”,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ცნობისთვის, „ცენტრ პოინტ ჯგუფის” საქმეზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს სასამართლომ ოთხ-ოთხ წლიანი პატიმრობა შეუფარდათ. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.