ბიზნესომბუდსმენის აპარატს აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და პარლამენტს ინიცირებული პროექტის კორექტირებას სთავაზობს.
ბიზნესომბუდსმენის პოზიცია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზურაბ ძნელაშვილმა გააცნო.
“გვესმის, რომ კანონპროექტი სარეკლამო ბაზარს მნიშვნელოვნად შეზღუდავს, ზემოქმედებას მოახდენს რეკლამის მწარმოებელ და გამავრცელებელ კომპანიებზე. მათ მიმდინარე კონტრაქტები აქვთ - ზოგს ერთთვიანი, ზოგს ექვსთვიანი და ზოგს - ერთწლიანი. კანონპროექტის მიღებიდან 14 დღეში ძალაში შესვლა ძალიან არაგონივრულია. ალბათ, საჭიროა ამოქმედების ვადის გადაწევა. გარდა ამისა, ხდება აბრების რეგლამენტირება. გარკვეული ვადა არის დასაწესებელი აბრების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ასევე, სამუშაო ჯგუფში საუბარი იყო გარე რეკლამის 100 მეტრის რადიუსში შეზღუდვასთან დაკავშირებით, მაგრამ თუკი მოხდება 200 მეტრის რადიუსით გადაწევა, ეს ძალიან დიდია. კანონში 200 მეტრი რადიუსის ჩაწერა იმას ნიშნავს, რომ გარე რეკლამა საერთოდ იკრძალება“, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.
რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, რომელიც პროექტის პირვანდელი ვარიანტია, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში. ასევე იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშობის წამახალისებელი რეკლამისა.
კანონპროექტით დგინდება, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 1 თვეში.
გარდა ამისა, იკრძალება ქართული საგადახდო ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინ გადახდების განხორციელება.
დეპუტატთა ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.