ეროვნული ბანკი მთავრობის დანამატად გადაიქცა - ამის საბოლოო გაფორმება დღეს მოხდა, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ზეწოლას ვერ გაუძლო,- ასე ეხმაურება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორად ვახტანგ ბურკიაშვილის დანიშვნას.
“შეუძლებელია, კობა გვენეტაძე ვერ მიმხვდარიყო, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორად იმ ადამიანის დანიშვნას, რომელიც ივანიშვილის მორჩილი კადრების სამჭედლო-ინკუბატორიდან იყო და რომლებიც ბაცილასავით მოედვნენ სახელმწიფო სტრუქტურებს. ახლა ეროვნულ ბანკშიც შეაღწიეს. დაინიშნა ადამიანი, რომელმაც 50 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. იგი იყო „2030“-ის ექსპერტი და ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ის ამავე დასახელების კონიუნქტურული ტელეგადაცემის თანამშრომელი. ეს არის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაკარგვის საბოლოოდ გაფორმება. სამწუხაროა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, რომლის პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეგვაქვს, არ აღმოაჩნდა მენეჯერის უნარ-ჩვევები და მტკიცე ხასიათი. ასევე უფხო გამოდგა ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც შემჩნეულია კონფორმიზმში და მთავრობისადმი უსიტყვო მორჩილებაში. ამას ბოლო დროს მთავრობის მიერ წარმოდგენილი და ეროვნული ბანკის მიერ მორჩილად მხარდაჭერილი კანონებიც მოწმობს. ეროვნული ბანკი არასწორ გზას დაადგა და ნდობასაც კარგავს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
დეპუტატმა ვახტანგ ბურკიაშვილის ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააპროტესტა.