„ემბრაერი“ შორსმფრენი კერძო ბიზნეს თვითმფრინავების წარმოებას იწყებს

თვითმფრინავების მწარმოებელმა ბრაზილიურმა კომპანია „ემბრაერმა“ თავის საწარმოო გამას ორი ახალი, შორსმფრენი პირადი ბიზნეს თვითმფრინავი დაუმატა.

ისინი გაუმჯობესებული კაბინით და აეროდინამიკით გამოირჩევა, რის შედეგადაც ტურბულენტურ ზონებში უფრო რბილად და კომფორტულად იფრენს.

ორივე თვითმფრინავის სახელია „პრეტორი“, რაც ძველი რომის სახელმწიფო დიდმოხელეთა წოდებისგან არის აღებული. მათი მეშვეობით, „ემბრაერი“ ცდილობს თავისი კორპორატიული ბიზნეს ჯეტების მწარმოებელი დივიზიონის გამოცოცხლებას, რომელიც ამ ეტაპზე, წამგებიანია.

„პრეტორები“ ბაზარზე 2019 წელს გამოვა. იქ მათ ისეთი ძლიერი კონკურენტები დახვდება, როგორებიცაა კანადური „ბორბარდირ ჩელენჯერ 350“, ამერიკული „გალფსტრიმ G280“, ასევე ამერიკული „ტექსტრონის“ უახლესი „ცესნა საიტეიშენ ლონგიტუდი“.

„ემბრაერის“ გადაწყვეტილება, აქცენტი გააკეთოს კორპორატიული ჯეტების ბიზნესზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას „ბოინგთან“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თავის საუკეთესო დივიზიონის, რომელიც კომერციული თვითმფრინავების წარმოებაზეა ორიენტირებული, ამერიკულ კომპანიასთან გააერთიანებს.

„ემბრაერმა“ და „ბოინგმა“ ივლისში გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც კომერციული თვითმფრინავების წარმოების სფეროში ალიანსის შექმნას ითვალისწინებს. თუ ბრაზილიის მთავრობა მას დაამტკიცებს, „ემრბრაერს“ ორი დივიზიონი დარჩება, რომლებიც ამ ეტაპზე წამგებიანია. მათგან ერთი კორპორატიულ, მეორე კი სამხედრო თვითმფრინავებს აწარმოებს.

„ემბრაერმა“ მოდელი „პრეტორი“, კორპორატიული ბიზნეს ჯეტების ახალი აღმასრულებლის, მიქაელ ამალფიტანოს ხელმძღვანელობით შეიმუშავა. მისი თქმით, კომპანიას ამ ორივე მოდელზე უკვე მიღებული აქვს შეკვეთები, თუმცა კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.

საშუალო ზომის მოდელ „პრეტორ 600-ს“, ოთხი მგზავრის ლონდონიდან ნიუ იორკში შუალედური დაჯდომის გარეშე გადაყვანა შეუძლია. მისივე საშუალებით, რვა მგზავრის გადაყვანაც არის შესაძლებელი, თუმცა ამ შემთხვევაში, სიჩქარე მცირდება. ფრენის შედარებით მცირე სიშორე აქვს „პრეტორ 500-ს“. ისინი შესაბამისად, 21 და 17 მილიონი დოლარი ღირს.