დღეიდან კახეთში ატმის კრეფას იწყებენ...

”ჩვენი ფერმერების მთავარი პრობლემა მოსავლის არასწორი მოვლაა”

დღეიდან კახეთში ატმის კრეფა იწყება. ბუნებრივია, ჩვენი ფერმერების საყოველთაო ყურადღება მიიქცია ინფორმაციამ, რომ მთავრობა ატმის გადამუშავებისა და შესყიდვის მსურველ კომპანიებს სუბსიდირებული სესხის აღების საშუალებას მისცემს. ამ საკითხზე საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ გვითხრა: ”მეწარმეები, რომელთაც ატმის გადამუშავება, ან მისი შესყიდვა და ექსპორტი სურთ, სუბსიდირებულ სესხს მიიღებენ- ისინი სესხის აღებას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. ჩვენი მიზანია არც ექსპორტიორებს გაუჭირდეთ თავიანთი საქმიანობა და არც იმათ, ვისაც ატმის შეძენა გადასამუშავებლად სურს. უფრო კონკრეტულად: მეწარმეებს ექნებათ საშუალება ექვსთვიანი კრედიტები მიიღონ. ისინი ამ თანხით შეძლებენ შეიძინონ პროდუქცია, მოახდინონ მისი რეალიზაცია და არა მხოლოდ სესხი დაფარონ, არამედ მოგებაც მიიღონ. ამ ექვსი თვის განმავლობაში ისინი შეძლებენ საკუთარი პროდუქციაც გაყიდონ და თან, ყველა დავალიანება გაისტუმრონ”.

როგორს ფიფიამ bpn.ge-თან საუბრისას აღნიშნა, შარშან ატმის კარგი მოსავალი მოვიდა: ”ჩვენმა ფერმერებმა დაახლოებით 23 ათასი ტონა ატამი მოიწიეს. რთულია ზუსტი ციფრის დასახელება, მაგრამ წელს გვაქვს შანსი, რომ მოსავლიანობა გაიზარდოს და საშუალოდ, 50 ათას ტონა ატამი მოვიწიოთ. რატომ გამოვარჩიეთ ატამი და შეღავათს რატომ ვუწევთ? - იმიტომ, რომ ის დიდი რაოდენობით მოდის ქართლში, კახეთში... გავითვალისწინეთ ისიც, რომ მალფუჭებადია და მისი რეალიზაცია მოკლე ხანში უნდა მოხერხდეს, მაგრამ აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ იგივე მიდგომა გვაქვს ყურძენზე, ციტრუსზე, ვაშლზე და ა.შ... ახლახან ჩუმლაყში გაიხსნა ახალი საწარმო, რომელიც ჩვენს ფერმერებსა და მეწარმეებს ძალიან გაუადვილებს ატმის დაფასოებასა და რეალიზაციას. სახელმწიფო ცდილობს გახსნას სამაცივრე მეურნეობები, ჩამბარებელი და გადამამუშავებელი წერტილები, სადაც ხილს გადაამუშავებენ და გლეხის შრომა ფუჭად არ ჩაივლის”.

”ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ქართული ხილი ვერ გაუწევს კონკურენციას ევროპული ქვეყნების ნაწარმს” - ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი - ”მე ვფიქრობ, რომ ვიზუალური თვისებები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან პროდუქცია კონკურენტუნარიანი უნდა იყოს როგორც ვიზუალური მხარის, ასევე საგემოვნო თვისებების მხრივაც. მე მიმაჩნია, რომ ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ჩვენი ხილი კონკურენტუნარიანი იყოს. მართალია, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება ხილის ბაღების არასწორი მოვლა, არასწორი კრეფა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების სრული დაცვის შემთხვევაში ქართულ ხილს ნამდვილად აქვს საიმისო პოტენციალი, რომ კონკურენტუნარიანი იყოს არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც”.

ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძეც:

- ქართულ ხილს მართლაც აქვს ყველა თვისება, რომ ევროპულ ბაზარზეც მოიპოვოს თავისი ადგილი. პრობლემა ქართული ხილის ხარისხი კი არა, ჩვენი ფერმერების განათლებაა. როდესაც ქვეყანა წლების განმავლობაში სტაგნაციას განიცდის და სოფლის მეურნეობა არ ვითარდება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ რეალურად ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისათვის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები დავნერგოთ და ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანი გავხადოთ. ფერმერების პრობლემა ის არის, რომ ყველას აქვს დანაწევრებული მიწები, ყველა თავისას უვლის და ვერ ხვდება, რომ არასწორად უვლის. სხვათა შორის, ჩვენ ძალიან ხშირად გვიკავშირდებიან კოლეგები უკრაინიდან, რუსეთიდან და გვთხოვენ, მივყიდოთ ფიუჩერსები, ზუსტად ვუთხრათ, რა მოსავალს ველოდებით და რამდენის გაყიდვა შეგვიძლია, მაგრამ წარმოდგენაც არა გვაქვს, არ ვიცით, ისიც არ ვიცით მოსავალი როგორი ხარისხისა იქნება. ჩვენი გლეხებს უმეტესობა ასე იქცევა: მეზობელი რითაც წამლავს თავის ბაღს, ისიც იმავე სასუქით წამლავს, რაც ხშირად არ ამართლებს. ჩვენი ფერმერების უმეტესობას არა აქვს მიღებული თანამედროვე განათლება, ცოდნა და ხშირად ბებიებისა და ბაბუების მეთოდებით მუშაობს. ამიტომ, მათი მოსავალი ვერც ვიზუალური მხარით შეეჯიბრება ევროპელი ფერმერის მოწეულ მოსავალს და ვერც სხვა თვისებებით. მარტივ მაგალითს მოვიყვან: მე თვითონ მაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავებული ინტენსიური ვაშლის ბაღი, თავისივე წვეთოვანი სისტემით და ვიცი, რომ ჰექტარზე 60 ტონა ვაშლს მივიღებ, მაშინ, როცა ძველი ტექნოლოგიებით დამუშავებული ბაღიდან, რომელსაც ისე არ უვლიან, როგორც საჭიროა, პატრონი ამის ნახევარსაც ვერ მიიღებს. თანამედროვე ფერმერები მთელ მსოფლიოში სრულიად განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ და თუ საერთაშორისო პრაქტიკას მხარს ავუბამთ, ჩვენ სხვებს არაფრით ჩამოვრჩებით. მართალია, უცხოური ხილი უფრო ლამაზია, ჩვენი კი - უფრო გემრიელი, მაგრამ ამ ორი ღირსების გაერთიანებაც შესაძლებელია”,- ამბობს ნინო ზამბახიძე.

ზამბახიძის აზრით, ”თუ საკონსოლიდაციო ცენტრები და გადამამუშავებელი საწარმოები უფრო დიდი რაოდენობით არ შეიქმნა, იმავე პრობლემების წინაშე დავდგებით, რომელიც ციტრუსზე და ყურძენზე გვქონდა წლების განმავლობაში: გლეხი თავის მოსავალს ვერსად წაიღებს და დაკარგავს. როგორც ვიცი, ამჯერად მხოლოდ ერთი გადამამუშავებელი საწარმო გვაქვს ჩუმლაყში და კიდევ რამდენიმეს გახსნა იგეგმება. ამგვარი საწარმოების გარეშე ჩვენს ფერმერებს ძალიან გაუჭირდებათ იმიტომ, რომ ატმის მოსავლის კრეფა სულ 1-1,5 თვე მიმდინარეობს, თუ არ შეიქმნება სამაცივრე დანადგარები და შეღავათები თუ არ ექნებათ, მოწეული მოსავლის რეალიზაციას ვერ შეძლებენ”.

შეკითხვაზე, არის თუ არა 6-პროცენტიანი სესხი მისაღები, ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გვიპასუხა: ”რეალურად ეს 6 % მართლაც შეღავათაია იმიტომ, რომ ადრე გლეხები დაახლოებით 18-პროცენტიან სესხს იღებდნენ, რომელიც ერთ წელიწადზე იყო გაწერილი. 6-პროცენტიანი კრედიტი მეწარმისათვის სერიოზული შეღავათია. მით უმეტეს, რუსეთის სახით ძალიან კარგი ბაზარი გაგვეხსნა, 27 ივნისის ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგ კი ევროპის კორიდორიც გაიხსნება ჩვენთვის, თუმცა, ევროპის ბაზრის სტანდარტებისაგან ჩვენ ჯერ შორსა ვართ. როგორც გითხარით, ფერმერს სჭირდება განათლება, ახალი ტექნოლოგიების ფლობა და გამოყენება, თუ არ გამოჩნდებიან ისეთი მეწარმეები, რომლებიც ამას შეძლებენ და მიაღწევენ, ჩვენი სოფლის მეურნეობა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს”.

ხათუნა ჩიგოგიძე