საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს კაპიტალის ბაზრის რეფორმას ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიზნით.
ეროვნული ბანკის ცნობით, 12 ოქტომბერს, საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების ფარგლებში, კომპანიების აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის წესი დამტკიცდა.
"აღნიშნული წესის მიზანია, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხის ამაღლება, არსებული და პოტენციური ინვესტორების ინტერესების დაცვა და მათ მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა.
იმისათვის, რომ კომპანიებმა შეძლონ საკუთარი აქციების ან ობლიგაციების შეთავაზება ინვესტორთა ფართო წრისთვის, მოახდინონ ე.წ. საჯარო შეთავაზება, მათ უნდა შეადგინონ ემისიის პროსპექტი, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცდება. დამტკიცების შემდეგ, კომპანიებმა აღნიშნული დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადონ. ემისიის პროსპექტში აღწერილია კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სამომავლო გეგმები, ინფორმაცია მიმდინარე და წინა პერიოდების ფინანსური მდგომარეობის შესახებ, შესათავაზებელი აქციებისა ან/და ობლიგაციების მახასიათებლები. პროსპექტში ასევე აღწერილია კომპანიის ინდუსტრიასთან, მის საქმიანობასთან და შესათავაზებელ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული რისკები და კომპანიის ხედვა/მიდგომა ამ რისკების მართვის კუთხით. აღნიშნული დოკუმენტი ინვესტორებს საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილება კომპანიის მიერ შეთავაზებული ფინანსური ინსტრუმენტების ინვესტიციასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესის პროექტი ეფუძნება ევროკავშირის კანონმდებლობასა და IOSCO პრინციპებს და ადგენს იმ მინიმალურ სტანდარტებს პროსპექტის სტრუქტურისა და შინაარსის, წარდგენის, გამოქვეყნებისა და ცვლილებების შეტანის პროცესთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანიებისა და მათი ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და ინვესტორების ინფორმირებულობას უზრუნველყოფს. პროსპექტის წესი ძალაში შედის 2019 წლის 1-ელი იანვრიდან. აღსანიშნავია, რომ ბაზრის მონაწილეებისა და დაინტერესებულ მხარეებისგან შემოთავაზებებისა და შენიშვნების მიღების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა კომპანიების აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის წესის პროექტი საჯარო განხილვისთვის 2018 წლის ივლისში გამოაქვეყნა. დაინტერესებული მხარეების მხრიდან აქტიური ჩართულობის შედეგად შესაძლებელი გახდა სხვადასხვა საკითხის დახვეწა და საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.