დაბალი ეკონომიკური ზრდა და ნეგატიური მოლოდინები - რატომ უფასურდება ლარი ლირის გამყარების ფონზე

„თუ პარტნიორ ქვეყანაში, რომელთანაც ძირითადი ვაჭრობა ხდება, უფასურდება ვალუტა, ეს ზემოქმედებს ჩვენს ვალუტაზე“,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ 17 აგვისტოს მაშინ განაცხადა, როდესაც თურქული ლირის კვალდაკვალ ლარიც უფასურდებოდა.

„ლარის მერყეობა გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს იმ უარყოფით გავლენებს, რომელიც შესაძლოა, გამოეწვია ლირის დაცემას. ეს მერყეობა ჩვენ გვიცავს თავისთავად. თუ ლირა ასე გაუფასურდა და ჩვენი ლარი არის მყარი, ჩვენ დავიწყებთ თურქული საქონლის ყიდვას ძალიან დიდი რაოდენობით, რაც არ გვაწყობს და ჩვენი საქონელი, რომელსაც ვაწარმოებთ, ვეღარ ვაწარმოებთ, რადგან გაძვირდება და ჩვენ ხომ არ გვინდა ეს?!“, - განაცხადა მაშინ ქობულიამ.

მას შემდეგ ლირა 22 პუნქტით გამყარდა, ლარი კი 11 პუნქტით გაუფასურდა, თუმცა დღეს მთავრობაში ლირის ფაქტორი არავის გახსენებია. ეროვნული ვალუტის კურსის ბოლოდროინდელ რყევებს ხელისუფლებაში მოლოდინებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ გაუფასურების ფუნდამენტური მიზეზები არ არსებობს.

„საქართველოს ვალუტა ამ რეგიონში და ზოგადად, ერთ-ერთი მყარი და ერთ-ერთი საფუძვლიანი ვალუტაა. ჩვენ ვალუტას დღესდღეობით ფუნდამენტალურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ გაუფასურდეს. დღეს რომ მოძრაობს 2,66–2,69, ასეთ მოძრაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი გადახრები არის მინიმალური გადახრები და ეს გადახრები არაფერზე მეტყველებს. გადახრები ჩანს, როდესაც ვალუტა 20-30% გაიაფდება“, - ეს განცხადება კი ქობულიამ გუშინ გააკეთა.

ცნობისათვის, 17 აგვისტოს ერთი დოლარი 6 თურქული ლირა ღირდა, დღეს დოლარი შეძენა 5,78 ლირად არის შესაძლებელი. 17 აგვისტოს დოლარის კურსი 2,57 ლარის ნიშნულზე იყო, დღეს კი ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2,68 ლარს შეადგენს.

bpn

bpn

რატომ აისახა ლირის გაუფასურება ლარის კურსის დაცემაზე მაშინ და რატომ არ მოახდინა ამჯერად ლირის გამყარებამ ლარის გაძლიერებაზე გავლენა, ამაზე ეკონომისტს აკაკი ცომაიას პასუხის გაცემა უჭირს. კონკრეტულად ლარის გაუფასურებას კი რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორის, ამას უკავშირებს უაყოფით მოლოდინებს, მთავრობის მიერ ბიუჯეტის მაღალი კურსით დაგეგმვას და ეკონომიკური ზრდის დაბალ მაჩვენებელს.

ამასთან, ეკონომისტი ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში ლარი კიდევ გაუფასურდება.

„ლარის გაუფასურების პირველი მიზეზია ისევ და ისევ უარყოფითი მოლოდინები. ლირა მყარდება, მაგრამ ადამიანების მოლოდინები მაინც უარყოფითია. ფიქრობენ, რომ ეკონომიკაში რაღაც პრობლემებია. მათ ახსოვთ ისიც, რომ როგორც წესი, ოქტომბერსა და ნოემბერში ლარი უფასურდება, რაც უარყოფით მოლოდინებს კიდევ უფრო ამყარებს.

მეორე გახლავთ ბიუჯეტის მაღალ კურსზე დაგეგმვა, რაც ნიშნავს, რომ თავად მთავრობას აქვს ლარის გაუფასურების მოლოდინი.

ამას ემატება სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი, ტურიზმის სექტორი და ფულადი გზავნილები გაიზარდა, იმპორტის ოდენობით თუ ვიმსჯელებთ, დოლარის გადინება კიდევ უფრო გაიზარდა. რაც, რა თქმა უნდა, წარმოქმნის დოლარის დეფიციტს.

გარდა ამისა, არის სხვადასხვა ფაქტორებიც, რაც უკავშირდება არჩევნების მოლოდინებს და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ლარის გაუფასურებაზე. როდესაც ადამიანებს არ სჯერათ, რომ ლარი გამყარდება, ეს ხელს უწყობს ლარის გაუფასურების პროცესს“,-აცხადებს აკაკი ცომაია.

ეკონომისტის შეფასებით, ლარის გაუფასურებას იწვევს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებიც, რომელიც არასაკმარისია.

„ალბათ, უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ, რომ ლარი კიდევ გაუფასურდება, ვიდრე გამყარდება. საერთოდ, ეკონომიკის ზრდის ტემპი გვიჩვენებს ზოგად სურათს. ჩვენ შემთხვევაში, ეკონომიკის ზრდის ტემპიც არ არის დამაკმაყოფილებელი. ეს ჩანს კიდეც, ლარი უფასურდება იმიტომ, რომ ეკონომიკა ძალიან მცირედი ტემპებით იზრდება“,-აცხადებს აკაკი ცომაია.

ნინი ქეთელაური