მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ბოლო 5 დღეში, სოლიდური შემოწირულება კიდევ რამდენიმე ათეულმა ფიზიკურმა პირმა განახორციელა.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დეკლარაციიდან ირკვევა, შემომწირველებს შორის არის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, რომელმაც ზურაბიშვილს ყველაზე მეტი - 60 000 ლარი გადაურიცხა.
ხახუბია პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცენება-დემოკრატიული საქართველოდან“ 2016 წელს გახდა, ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატია. იქამდე ხახუბია ბიზნესით იყო დაკავებული - 2010 წლიდან შპს „აისბერგი 2"-ის, ხოლო 2012 წლიდან შპს „ჯეონათსის“ დამფუძნებელი. 2017 წლის მაისში გორში მომხდარ გახმაურებულ ავარიას მისი 21 წლის ვაჟი ბექა ხახუბია ემსხვერპლა.
შემომწირველთა სიაშია ასევე რამდენიმე ბიზნესმენი, მათ შორის კომპანია „სარაჯიშვილის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბუბუტეიშვილი, კომპანია „კახელების“ 100%-იანი წილის მფლობელი, ჭიჭიკო გოლეთიანი და „ჯორჯიან მობაილ იმპორტის“ მეწილე ბონდო გოლეთიანები.
უფრო კონკრეტულად, ირაკლი ხახუბიას სალომე ზურაბიშვილისთვის 60 000 ლარი აქვს გადარიცხული, ზურაბ ბუბუტეიშვილს - 50 000 ლარი, ჭიჭიკო გოლეთიანს 35 000 ლარი, ბონდო გოლეთიანს კი - 25 000 ლარი.
10 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილს მსხვილი თანხები შესწირეს ასევე, გოჩა კურდღელიამ - 40 000 ლარი, არტურ არაბიანმა - 25 000 ლარი, პაატა კოკაიამ - 55 000 ლარი, მერაბ ქუჩუკაშვილი - 15 000 ლარი, თამარ გელოვანი - 25 000 ლარი, გია ადამია - 15 000 ლარი, ლექსო გოლეთიანი - 7 994 ლარი, შალვა ერისთავი - 60 000 ლარი, ზაზა ჩარკვიანი - 20 000 ლარი, დავით დუგლაძე - 10 000 ლარი, რომან აბრამიშვილი - 60 000 ლარი, გიორგი აბრამიშვილი - 60 000 ლარი. განაგრძეთ კითხვა