3,6 მილიონი დეპუტატებისა და მინისტრების მივლინებებისთვის

”მოგზაურ დეპუტატებს”  შორის თედო ჯაფარიძე და თინა ხიდაშელი გამოირჩევიან

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, 2013 წელს დეპუტატებისა და 13 სამინისტროს თანამდებობის პირთა მივლინებებზე ბიუჯეტიდან სულ 3,6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუ ამას დანარჩენ სამინისტროებსა და ამ სამინისტროებში მომუშავე სხვა პირების სამივლინებო თანხებსაც დავუმატებთ, გამორიცხული არ არის, რომ საჯარო მოხელეების ვიზიტებზე დახარჯული თანხის მოცულობამ 5 მლნ-საც გადააჭარბოს.

”იმის გამო, რომ ზოგიერთმა სამინისტრომ დეტალური მონაცემი არ მოგვაწოდა, ზუსტი ციფრი, თუ რამდენი ლარი დაიხარჯა შარშან მივლინებებზე, მაინც არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, გაიზარდა თუ შემცირდა სამივლინებო ხარჯები წინა წელთან შედარებით, ზუსტად ამის თქმაც შეუძლებელია. თუ გავითვალისწინებთ 2012 წლის 5 თვის განმავლობაში (1-ლი აგვისტოდან 1-ელ დეკემბრამდე) მივლინებებზე დახარჯული თანხის მოცულობას, შეიძლება ითქვას, რომ ხარჯი არ შემცირებულა, როგორც მინიმუმ იგივე დარჩა”, - განუცხადა ”ბიზნეს-რეზონანსს” IDFI-ის პროექტის ანალიტიკოსმა გოგა თუშარაშვილმა.

ჩინოვნიკების პრემიებისა და სახელფასო დანამატების შემდეგ საზოგადოებაში აქტუალური ამ თანამდებობის პირების მიერ მივლინებებში დახარჯული თანხის მოცულობაც გახდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2014 წლის იანვარში ყველა სამინისტროს მიმართა, რათა მათ მაღალი თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინათ. თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რამდენიმემ, მათ შორის შსს-მ, აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა, ნაწილმა კი IDFI-ის არასრული პასუხი მიაწოდა.

სამინისტროებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2013 წლის განმავლობაში 13-მა სამინისტრომ თანამდებობის პირთა მივლინებებში სულ 2 642 816 ლარი დახარჯა. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მოხელეების ვიზიტებისთვის ყველაზე მეტი თანხა საგარეო საქმეთა სამინისტრომ აითვისა – სულ 780 000 ლარი. შემდეგია თავდაცვის სამინისტრო. ალასანიას უწყებაში მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირების მივლინებებზე სულ 375 500 ლარი დაიხარჯა. მესამე პოზიციაზე მყოფი ეკონომიკის სამინისტროს მივლინებები ბიუჯეტს 345 000 ლარი დაუჯდა. იუსტიციის სამინისტრომ 310 000 ლარი დახარჯა, ფინანსთა სამინისტრომ -145 000 ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამდებობის პირთა ვიზიტები 140 000 ლარი დაჯდა.

2013 წლის განმავლობაში კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ვიზიტებზე ბიუჯეტიდან სულ 183 316.62 ლარი დაიხარჯა. მივლინებებისთვის 85 000 ლარი გამოიყენეს შერიგების სამინისტროს თანამდებობის პირებმა, 70 000 ლარი ენერგეტიკის მინისტრისა თუ სხვა მოხელეთა ვიზიტებზე დაიხარჯა, 50 000 ლარი სასჯელაღსრულების სამინისტრომ აითვისა.

ყველაზე მოკრძალებული გარემოს დაცვის, დევნილთა და განსახლების და ჯანდაცვის სამინისტრო აღმოჩნდა. როგორც IDFI-ში ამბობენ, გარემოს დაცვამ მივლინებებში – 36 000, ჯანდაცვამ და დევნილთა სამინისტროებმა კი - 45-45 ათასი ლარი დახარჯეს.

ეს არის ის არასრული ჩამონათვალი, რაც IDFI-ის სამთავრობო უწყებებიდან მოაწოდეს. როგორც გოგა თუშურაშვილი აცხადებს, ორანიზაცია ასევე ითხოვდა სამივლინებო ხარჯების ნუსხას ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით, მაგალითად მგზავრობის, სასტუმროს და ა.შ. ”თუმცა სამინისტროების უმეტესობამ ამ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადეს. დეტალური ინფორმაცია მხოლოდ თავდაცვის სამინისტრომ გასცა”, - განაცხადა თუშურაშვილმა.

მისივე თქმით, კონრეტული ინფორმაციის გადმოცემაზე უარი თქვეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში. ”ამ სამინისტროებიდან მხოლოდ საერთო ხარჯის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია. შემდეგ დეტალურ ინფორმაციაზე საჩივარი შევიტანეთ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში. ფინანსთა სამინისტრომ ჩვენი საჩივარი საერთოდ არ განიხილა და მივმართეთ სასამართლოს. ეკონომიკის სამინისტროში მოხდა განხილვა და ახლა დეტალურ პასუხს ველოდებით”, - განაცხადა თუშურაშვილმა.

სამინისტროების სამივლინებო ხარჯებამდე IDFI-მ ინფორმაცია დეპუტატების ვიზიტებზე გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრების სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების საკითხი დარეგულირებულია პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის #231 ბრძანებულებითა და პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 20 აგვისტოს #98/3 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანებებით განსაზღვრულია ქვეყნების მიხედვით სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში განსაზღვრულია პარლამენტის წევრებზე სადღეღამისო ნორმების დანამატები თანამდებობების მიხედვით.

IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2013 წელს პარლამენტის წევრებზე ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯი შეადგენს 1 005 282.65 ლარს. ყველაზე დიდი დრო (118 დღე) მივლინებაში პარლამენტის წევრებს შორის გაატარა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ და ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯიც სწორედ მის მიერ არის გაწეული - 88 104,47 ლარი. რიგით მეორე ”მოგზაური დეპუტატი” არის თინათინ ხიდაშელი. მან მივლინებაში გაატარა 102 დღე, ხოლო სამივლინებო ხარჯმა 81 181,82 ლარი შეადგინა.

ირაკლი ჩიქოვანმა მივლინებაში 91 დღე გაატარა და ჯამში 71 555,82 ლარი დახარჯა, დავით ბაქრაძე ქვეყნის გარეთ 68 დღე იმყოფებოდა, რაშიც 67 209,24 ლარი დაიხარჯა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სამივლინებო ხარჯებმა 2013 წელს 64 692,12 ლარი შეადგინა, დღეების რაოდენობამ კი - 45.

2013 წელს ყველაზე ხანმოკლე ძვირადღირებულ ვიზიტის თვალსაზრისით გამორჩეულია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ვიზიტი ათენში. ერთი დღის განმავლობაში სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 3659,59 ლარი. 2013 წელს ყველაზე ხანგრძლივ მივლინებაში იმყოფებოდა თედო ჯაფარიძე. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 დღე დაჰყო.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯებს, IDFI-ის ინფორმაციით 2013 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები 128-ჯერ იმყოფებოდნენ მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სულ ოფიციალურ ვიზიტებზე შარშან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 1 863 768.54 ლარი. ამ თანხის 82% - 1 533 222.35 ლარი მოდის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებზე.

2013 წლის განმავლობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 41 ვიზიტით, 112 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საიდანაც დღიური ნორმა აღებული აქვს 106 დღისთვის – სულ დაახლოებით 87 500 დოლარი.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”