ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „მაშავი“ პროგრამის დირექტორის მოადგილე იუვალ ფუქსი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა მებოსტნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სპეციალისტების გადამზადებაზე ისაუბრეს.
„ჩვენ, ძირითადად, ფოკუსირებას ვახდენთ ცოდნის ამაღლებაზე, ტრენინგებზე, ასევე, რეგიონებში ექსტენციის პროგრამის გაძლიერებაზე; გვაქვს სპეციალური პროგრამები, როგორც ფერმერებისთვის, ექსტენციონისტებისთვის, ასევე მკვლევარებისთვის. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, რა მიმართულებით შეგვიძლია თქვენი მხარდაჭერა“, - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.
ვიზიტის ფარგლებში, მაშავის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, ისრაელიდან ჩამოსულ მებოსტნეობის ექსპერტებთან ერთად, წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე მცენარეთა მიკროკლონური (In vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის და პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მუშაობის პროცესს გაეცნო.