2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა დასკვნა წარმოადგინა.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა განისაზღვრა 19.7 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 2018 წლის დაგეგმილ მაჩვენებელს 1.8 მლრდ ლარით (10%) აღემატება.
„2019 წლის ბოლოსათვის მოსალოდნელია როგორც სახელმწიფო ვალის, ასევე მთავრობის ვალის ტვირთის ინდიკატორის (ვალი/მშპ) 0.7 (43.7%-მდე) და 0.2 პროცენტული (42.2%-მდე) პუნქტით გაზრდა.
როგორც ფისკალური წესების ქვეთავში აღინიშნა, მთავრობის ვალის შედარება უნდა მოხდეს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულთან, თუმცა, კანონპროექტით წარმოდგენილი ვალის ნაშთი სრულად არ ასახავს სამთავრობო სექტორში არსებულ ვალდებულებებს. კერძოდ, მასში არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების, სსიპ-ების და სახელმწიფო საწარმოების ვალი; ასევე, კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში არსებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება.
საყურადღებოა, რომ წინა წლების მსგავსად, წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფოსა და მთავრობის ვალის მოცულობები მშპ-თან მიმართებაში ისევ გადააჭარბებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-ით დადგენილ 40%-იან ნიშნულს.
სახელმწიფო ვალის ეფექტიანი მართვისათვის, აუცილებელია ქვეყანას განსაზღვრული ჰქონდეს გრძელვადიანი დაფინანსების მიზნები, რომლის მიღწევის გზებიც ასახული უნდა იყოს ვალის მართვის სტრატეგიაში, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში იქნება სხვა პარალელურად მოქმედ სტრატეგიულ დოკუმენტებთან,“-აღნიშნულია დასკვნაში.
ამასთან, აუდიტის სამსახურის ცნობით, ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში უნდა გამოქვეყნებულიყო სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია. თუმცა, 2018 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით დოკუმენტი კვლავ არ გამოქვეყნებულა.