"ქინძმარაულის" ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქართული ღვინის, "ქინძმარაულის" ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ შპს "იბერიას" თანამშრომლები, მატერიალური და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ ფალისიფიცირებული ღვინის, ძვირადღირებული "ქინძმარაულის" დამზადებას და შემდგომში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე მის რეალიზებას.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს და ხელოვნური ჩარევის შედეგად შეცვლილი ჰქონდა ბუნებრივი თვისობრიობა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.