შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით არარეზიდენტ/ბინადრობის არმქონე პირებზე1 313 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისი ინფორმაცია Allnews.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
რაც შეეხება გასულ წელს, უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე არარეზიდენტ/ბინადრობის არმქონე პირებზე სულ 934 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არარეზიდენტ/ბინადრობის არმქონე პირებს მართვის მოწმობაზე ქულები ყველაზე ხშირად, 16 424 შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის დარღვევის გამო აკლდებოდათ, რაც მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე
სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, ავტომანქანის მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას ითვალისწინებს ან ფიქსირდება მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშიროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
მეორე ყველაზე ხშირი დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე პრიმა მუხლით ფიქსირდება, რაც მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობას გულისხმობს. შს სამინისტრომ არარეზიდენტი/ბინადრობის არმქონე პირების მიერ ასეთი სულ 15 351 დარღვევა დააფიქსირა. განაგრძეთ კითხვა