ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ხვალ, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ღონისძიების მთავარი თემაა „სოფლის ტურიზმი, როგორ ბიზნესი“. კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და მსოფლიოს 6 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი ორი დღის განმავლობაში სოფლის ტურიზმის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და დარგში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.
კონფერენციაზე პრეზენტაციები, მოხსენებები და დისკუსიები გაიმართება. კერძოდ, ისეთ თემებზე, როგორიც არის სოფელი და სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი, ბიზნესი და შემოსავლის წყარო, ინოვაციური სერვისები და ტურისტული პროდუქტები სოფლად, სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები აჭარის რეგიონში, ქართული სტუმართმასპინძლობა, როგორც ბიზნესი, სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სახელმწიფო პროგრამები სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოში და სხვა ქვეყნებში, ტურისტების მოზიდვა სოფლად და რეკლამირება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე 31-მდე მოხსენება/პრეზენტაცია ჩატარდება, რომელთა უმრავლესობაც სოფლად არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ბიზნესს მიეძღვნება. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მეორედ ტარდება.