დედაქალაქს ჯამში 900 ავტობუსი ეყოლება, ხოლო ყოველდღიურად ხაზებზე 750 იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.
როგორც მუმლაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დედაქალაქს უახლოეს მომავალში 90 ავტობუსი დაემატება, 220 ავტობუსის შესყიდვაზე კი ტენდერი გამოცხადდება.
„2019 წლის ბოლომდე გვეყოლება სრულად განახლებული ავტობუსების პარკი, ხოლო 900-მდე ავტობუსი 2020 წლის მეორე კვარტლამდე. თუ მიკროავტობუსების ნაწილში განახლება არ მოხდა, თუ მათ კომფორტი ვერ შესთავაზეს მოსახლეობას, ეს 900 ერთეულიც შესაძლოა გაიზარდოს. შედარება რომ გავაკეთოთ, 8-მეტრიანი ავტობუსი, დაახლოებით, 2 მეტრით არის მიკროავტობუსზე გრძელი. ვგეგმავთ მათ შემოყვანასაც, რაც იქნება ევრო 6-ის სტანდარტით ადაპტირებული, კონდიცირება 22 გრადუსზე. ეს თითქმის მიკროავტობუსია.
გაკეთებული საქმეა, რომ 90 ავტობუსი უკვე ნაყიდია ტენდერით, რომელიც დედაქალაში აქამდე არ ჩატარებულა. MAN-ის ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ განსხვავებული ტენდერით ვიყიდეთ. გზაშია ეს ავტობუსები. 220 ავტობუსზე ახლა მალე გამოვაცხადებთ ტენდერს. დაგეგმილია კვლევა, რა რაოდენობის ავტობუსები იქნება დედაქალაქისთვის ოპტიმალური, ეკონომიური და მომგებიანი ხალხის გადაყვანისთვის და ამის შესაბამისად გადავწყვეტთ 10-მეტრიან და 12-მეტრიან ავტობუსების შემოყვანის საკითხს“, - განაცხადა მუმლაძემ.
როგორც მუმლაძე აცხადებს, დედაქალაქში ასევე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზებიც.
„კონკრეტული ხაზები უნდა გადალაგდეს და დერეფნები უნდა შეიცვალოს. "სისტრამ" ჩაატარა კვლევა, გამოკითხა ადამიანები და აქვს მონაცემები, თუ რით გადაადგილდებიან ისინი თავიანთი უბნებიდან, საცხოვრებელი ადგილებიდან - ფეხით, ტაქსით, მიკროავტობუსით თუ ავტობუსით. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება კორიდორები, რომ იყოს მაქსიმალური მომსახურებები. ზუსტად ამაზე დაყრდნობით იქნება აწყობილი ახალი სამარშრუტო ქსელი. კონკრეტული ვადა აქვს "სისტრას", რომ თავისი მონაცემები წარმოადგინოს. გუშინ წარმოადგინა კონკრეტული დერეფნების შესახებ კომპანიის ხედვა, რომელსაც რევიზიას ვუკეთებთ, მოვიწონოთ თუ არა. მომავალი წლის მეორე კვარტლამდე აქვს ვადა, რომ წარმოადგინოს განახლებული სატრანსპორტო ქსელი, რომეზეც ჩვენ ავეწყობით ეტაპობრივად და მივცემთ იმ მომსახურებას, რომელსაც ითხოვენ“, - განაცხადა მუმლაძემ.
მუმლაძის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში 105 ავტობუსის, ხოლო 190-მდე მიკროავტობუსის ხაზია. მისივე თქმით, თბილისში 1800 მიკროავტობუსი და 540 ავტობუსი მოძრაობს.