აშშ-ში ბოლო მონაცემებით, თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 7 მილიონს აღწევს. ეს 902 000 მეტია, ვიდრე უმუშევართა რაოდენობა და ყველაზე დიდი განსხვავება მთელი ისტორიის განმავლობაში.
როგორც Wall Street Journal-ი წერს, საქმე გვაქვს ისტორიულ მოვლენასთან, ვინაიდან თავისუფალი ვაკანსიების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს 7 მილიონს პირველად გადააჭარბა და 7,136 მილიონი შეადგინა. მონაცემები ასახავს მიმდინარე წლის 31 აგვისტოს მდგომარეობას.
ცნობისათვის, აშშ-ში თავისუფალი ვაკანტური ადგილები 2009 წლიდან იზრდება. ეს მაჩვენებელი მაშინ 2,196 მილიონი იყო, შედეგად კი ვხედავთ, რომ 9 წელიწადში ციფრი გაზრდილია სამჯერ. მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში შტატებში 1 მილიონი ვაკანტური ადგილი გაჩნდა და წლიურმა ზრდამ 18% შეადგინა.
მიმდინარე წლის მარტამდე ამერიკაში უმუშევრობა აღემატებოდა ვაკანტური ადგილების რაოდენობას, გაზაფხულზე ეს მაჩვენებლები გათანაბრდნენ, ამის შემდეგ კი უმუშევრობამ 50 წლის მინიმუმს მიაღწია. ამავდროულად, ამერიკის მრეწველობა ქმნიდა სულ უფრო მეტ სამუშაო ადგილს. შედეგად კი, ზაფხულის ბოლოს ვაკანტური ადგილების რაოდენობამ 902 ათასით გადააჭარბა სამსახურის მაძიებელთა რაოდენობას. ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამერიკის შრომის სამინისტროს მხრიდან ბაზარზე დაკვირვების ისტორიაში.
ყველაზე მაღალია სხვაობა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. იქ ერთ დაუსაქმებელზე 2 ვაკანტური ადგილი მოდის.
ამავდროულად კი სამუშაო ადგილების ზრდასთან ერთად იზრდება საშუალო ხელფასიც. მიზეზი კი ბაზარზე არსებული გამძაფრებული კონკურენციაა. კადრების უკმარისობის პირობებში კომპანიები უზრდიან ხელფასებს მათთან დასაქმებულ კვალიფიციურ კადრებს.
არსებული დინამიკის ერთ-ერთ მიზეზად Wall Street Journal ამერიკელების შრომისუნარიანობის ციფრის კლებას ასახელებს, ასე მაგალითად, თუ 1999 წელს სამუშაო ადგილებზე პრეტენდენტების 84,6% იყო 25-54 წლის ასაკის, ახლა მათი წილი 81,8%-მდე შემცირდა.
კიდევ ერთი პოტენციური წყარო დასაქმებისთვის ეს არის პენსიონერები. კომპანიებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს სამსახურის შეთავაზება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასაკით პენსიონერები არიან.
კოკა კვირკველია