23–26 ოქტომბერს საქართველო მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმს Welcome Challenge - ს უმასპინძლებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდება და იგი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.
სამინისტროს განცხადებით, Welcome Challenge -თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტურიზმის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, კომპანია „კავკაზუს თრეველის“ დამფუძნებელი საბა კიკნაძე და კომპანია „სიბისი ჯორჯიას“ დირექტორი გელა ენდრიუ სული მონაწილეობდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის ჩატარება ორმაგად მნიშვნელოვანია, კერძოდ, საქართველოს მსოფლიო რუკაზე წარმოსაჩენად, როგორც ტურიზმის ინდუსტრიის კუთხით მზარდი ქვეყანა და ეს ფორუმი კარგი შესაძლებლობაა ქართული სტარტაპ კომპანიებისთვის, რათა საკუთარი ბიზნეს-იდეები გააცნონ საერთაშორისო ინვესტორებს და ამით დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ.
სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ფორუმი ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. მათ შორის, პირველია სიმპოზიუმი, სადაც მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები აუდიტორიას გაუზიარებენ თავიანთ ხედვას და გამოცდილებას. ასევე მოეწყობა სადისკუსიო პანელები და მასტერკლასები. გარდა ამისა, ფორუმზე მოეწყობა სტარტაპების შეჯიბრი. მასში მონაწილეობას მიიღებს წინასწარ შერჩეული 36 სტარტაპი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ირმა ქავთარაძის თქმით, მათ შორის, იქნება ორი ქართული სტარტაპიც. გარდა ამისა, 22 ოქტომბრამდე ქართული სტარტაპებიდან კიდევ ერთი მონაწილე შეირჩევა, რომელიც შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმი ასევე ითვალისწინებს შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, რომლებიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ მრგვალ მაგიდაში და ფორუმის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე დაგეგმილია ინვესტორთა და სტარტაპთა „მეტჩაპი“ და B2B შეხვედრები.
ფორუმის პარტნიორია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, მთავარი სპიკერი კი - Expedia-ს დამფუძნებელი, Virgin Group-ის მეწილე, აშშ-ს ტელე წამყვანი და მწერალი რიჩარდ ბანგსი. სპიკერებს შორის არიან: „National Geographic Traveler”-ის დამფუძნებელი დაუნ დრიუ, რომელიც გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო, ასევე Booking.com-ის TripAdvisor-ის მენეჯერები. ღონისძიებას დაესწრებიან ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი გამოცდილი ინვესტორები, ფონდების წარმომადგენლები და იურისტები.