3-პროცენტიანი კლების შემდეგ, ნავთობი ისევ გაძვირდა

ცნობილი საუდელი ჟურნალისტის სიკვდილთან დაკავშირებული დაძაბულობის გამო, წინა დღეს მკვეთრი ვარდნის შემდეგ, რაც აშშ-ის ნავთობმარაგების ზრდამ გამოიწვია, ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი, 12 ცენტით (0.2 პროცენტით), 69.87 დოლარამდე გაიზარდა. ამ მარკის ნავთობის ფასი ოქტომბერში პირველად ჩამოსცდა 70-დოლარიან ზღვარს.

„როიტერსის“ ცნობით, კვლავ 10 დოლარის ფარგლები რჩება სხვაობა WTI და ბრენტ მარკის ნვთობის ფასებს შორის. ერთი ბარელი ბრენტის დეკემბრის მიწოდების ფასი 13 ცენტით (0.2 პროცენტით) გაძვირდა და 80.18 დოლარი გახდა.

შეერთებულ შტატებში ნედლი ნავთობის მარაგი წინა კვირაში 6.5 მილიონი ბარელით გაიზარდა. ეს ანალიტიკოსების პროგნოზზე სამჯერ მეტია. ამასთან, ამერიკული მარაგები უკვე ზედიზედ ოთხი კვირაა, რაც იზრდება.

ნედლი ნავთობის ამერიკული მარაგების ზრდა იმის მიუხედავად გრძელდება, რომ ამერიკაში ყოველდღიური მოპოვება 300 000 ბარელით (10.9 მილიონ ბარელამდე) შემცირდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ქარიშხალ მაიკლის მოლოდინში, ოფშორული ჭაბურღილები გაჩერებული იყო.

რაც შეეხება საუდელ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას, შეერთებულ შტატებში უკვე ღიად მიანიშნებენ მომხდართან საუდის არაბეთის ხელისუფლების შესაძლო კავშირზე. ყოველივეს დადასტურების შემთხვევაში, საუდის არაბეთს სანქციები არ ასცდება. არადა, საუდის არაბეთი ირწმუნება, რომ ხაშოგის გაუჩინარებასთან კავშირი არ აქვს.

ერ რიადი აცხადებს, რომ ხაშოგის საქმეს გამოიძიებს. სანამ ეს მოხდება, პრეზიდნტი დონალდ ტრამპი საუდეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გეგმავს. ინვესტორები ფიქრობენ, რომ საუდის არაბეთს მყარი არგუმენტი აქვს ნავთობის მსხვილი მიმწოდებლის სტატუსის სახით. მითუმეტეს იმ დროს, როცა ირანის სანქციების გამო, ბაზარზე მიწოდების დეფიციტის საშიშროება შეიქმნა. საუდის არაბეთი ირწმუნება, რომ ირანულ დანაკლისს OPEC-ის ქვეყნები დააბალანსებენ. ასეა თუ ისე, შექმნილ მდგომარეობაში, ნავთობის ფასს კლების ნაკლები საბაბი აქვს.