ლარის გაუფასურების მიზეზი ვალუტის უკონტროლო ბრუნვაა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა ლია ელიავამ განუცხადა.მისი თქმით, დღეს ამ მიმართულებით ეროვნული ბანკი არაფერს აკეთებს, შედეგად კი „2-3 ბიზნესმენის ახირებით, შესაძლოა, ლარის კურსი დაეცეს და ქვეყნის ეკონომიკა დაინგრეს“.
ოქტომბერში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 9 პუნქტით გაუფასურდა. თუ 1-ელ ოქტომბერს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება იყო 2,61 ლარი, დღეს სებ-ის მიერ დადგენილი კურსით, ერთი დოლარი 2,70 ლარი ღირს.
ფინანსისტი ლია ელიავა ამბობს, რომ ლარის კურსის ფორმირება, განსაკუთრებით როდესაც მისი მკვეთრი ვარდნა ხდება, არანაირად არ არის დაკავშირებული ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან. როგორც ელიავა აღნიშნავს, ამაზე გავლენას არც სავაჭრო პარტნიორების კრიზისები ახდენს და არც ეკონომიკასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორი.
„საქმე იმაშია, რომ საქართველოში კაპიტალის ტრანს სასაზღვრო მოძრაობა ინტენსიურია და ის აბსოლუტურად უკონტროლოა. ქვეყანაში შემოდის და გადის ფული, რომელიც არანაირად არ კონტროლდება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. სავალუტო კონტროლი გულისმობს იმას, რომ საქართველოში შემოსულ თანხას უნდა ჰქონდეს კონკრეტული დანიშნულება და ის უნდა მუშაობდეს ქვეყნის ეკონომიკაში. გარდა ამისა, გასულ თანხას უნდა ჰქონდეს გასვლის კანონიერი საფუძველი.
ამასთან, სავალუტო კონტროლი გულისმობს დიდი მოცულობის თანხის არა ერთჯერად გასვლას, არამედ მისი გასვლის დანაწევრებას, გარკვეული პერიოდის მიხედვით. ასეთი სავალუტო კონტროლის არარსებობის პირობებში, საქართველოში შემოდის ფული, რომელიც უნდა ვივარაუდოთ, რომ „ირეცხება“ და უკვე კანონიერი გზით გადის ქვეყნიდან. საქართველო ფაქტობრივად, გახდა ფულის „სამრეცხაო“. შესაბამისად, როდესაც კომერციულ ბანკს რომელიღაც კლიენტი ავალებს ფულის გადარიცხვას ერთჯერადად, მაგალითად 5, 10, 20 მილიონის, კომერციულ ბანკს უჩნდება მწვავე საჭიროება ასეთ მოცულობის თანხის მოძიების. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა იზრდება, ლარის კურსი კი ეცემა“,-აცხადებს ლია ელიავა.
როგორც ფინანსისტი აღნიშნავს, ოფშორული ზონის ქვეყნები, სადაც ასევე დიდი მოცულობის უცხოური კაპიტალი შედის და გადის, ეს საკითხი კანონმდებლობითაა დარეგულირებული. საქართველოს შემთხვევაში კი, არცერთი უწყება „გაურკვეველი ფულის“ გასაკოტროლებლად არაფერს აკეთებს.
„ასეთი მოხეტიალე კაპიტალი, რომელიც ხშირად მღვრიე წარმომავლობის მქონეა, არანიარ გავლენას არ ახდენს ოფშორის ქვეყნის შიდა ეკონომიკაზე. მისი მოძრაობა არსად არ ფიქსირდება, მითუმეტეს, არ აღირიცხება სავალუტო კურსის დათვლისას. ეროვნულ ბანკს დღეს ამ მიმართულებით არაფერი არ აქვს გაკეთებული და იმიტომაც არის, რომ 2-3 ბიზნესმენის ახირების შედეგად, შესაძლოა, ქვეყანაში ლარის კურსი დაეცეს და ქვეყნის ეკონომიკა დაინგრეს. ამის მოწესრიგება და მოგვარება ეროვნულ ბანკს შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ, არ აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შექმნილია ფინანსურ მონიტრინგის სამსახური, ასევე, ეროვნულ ბანკში არსებობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს, შესაბამისი კანონმდებლობა, ქვეყანაში ასეთი სახის სამუშოები არ ტარდება.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ საქართველოს არ გააჩნია არც ინტელექტუალური პოტენციალი და არც ტექნიკური საშუალებები, რათა გამოავლინოს ფულის გათეთრების ფაქტები. ეს არის ძალიან რთული, მიუხედავად იმ ათასგვარი ინსტრუქციებისა, რომელსაც საერთაშორისო ოგანიზაციები გასცემენ“,-აცხადებს ლია ელიავა.