საქართველოს მინისტრების უმრავლესობისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა მინისტრს მრჩევლის შტატი არ გაუუქმებია.
როგორც „ბიზნესპრესიუსს“ შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, გიორგი გახარიას მრჩევლის პოზიციაზე დამტკიცებულია ერთი საშტატო ერთეული, რომელიც ამჟამად ვაკანტურია.
მინიტრების მრჩევლების შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ დაახლოებით 2 კვირის წინ წერდა. როგორც აღმოჩნდა, მინისტრების უმრავლესობას აღნიშნული შტატი გაუქმებული აქვს. მრჩევლები ჰყავთ ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას (1 მრჩეველი), ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს (3 მრჩეველი).
ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩევლებს სახელი გადაერქვა და კონსულტანტი ეწოდა. ხოლო დანარჩენ მინისტრებს მრჩევლები აღარ ჰყავთ. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მრჩევლებს, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ უწყებაში განუმარტეს, სამინისტრო „პალიტრა მედიასთან“ არ თანამშრომლობს, შესაბამისად, ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.
რაც შეეხება პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მრჩევლებს, ინფორმაციის მისაღებად „ბიზნესპრესნიუსმა“ შესაბამის უწყებებს ოფიციალურად მიმართა.
მთავრობის ადმინისტაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მამუკა ბახტაძეს 3 მრჩეველი ჰყავს: 1. სოფლისა და სოფლის მიეურნეობის განვითარების საკითხებში; 2. განათლების საკითხებში; 2. რეგიონალურ საკითხებში.
ხოლო გიორგი გახარიას უწყებაში აცხადებენ, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროში დამტკიცებულია მინისტრის მრჩეველის ერთი საშტატო ერთეული, რომელიც ამჟამად ვაკანტურია“.
გიორგი გახარია შს მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი ეკავა. ამ დროისთვის გახარიას ჰყავს 5 მოადგილე.