სამტრედიის რაიონის სოფლების ენერგომომარაგება უმჯობესდება

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" მომხმარებელთა ენერგომომარაგების გასაუმჯობესებლად ქსელის სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

მაღალი ძაბვის ქვესადგურ "დაფნარში" ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სამტრედიის რაიონის სოფლების - დაფნარის, დაბლაგომის, გომის, მთისძირის, გამოჩინებულის და კიდევ 18 სოფლის დაახლოებით 3600 აბონენტის ენერგომომარაგება უფრო საიმედო გახდება.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაზრდის მიზნით, 110/10 კვ ქვესადგურ "დაფნარში" იმერეთის მაღალი ძაბვის სამსახურმა გამანაწილებელ დანადგარების კაპიტალური რემონტი განახორციელა.

მათივე განმარტებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 110 კვ გამანაწილებელ მოწყობილობებს, დამონტაჟდა ახალი ამომრთველი, ძაბვის და დენის ტრანსფორმატორები, შეიცვალა 6 კვ კომპლექტური გამანაწილებელი მოწყობილობები. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.

"მ/ძ ქვესადგური "დაფნარი" საკვანძო ქვესადგურია, რომელიც ძაბვას სამტრედიის მომსახურების ცენტრის არეალში შემავალ 22 სოფელს, აგრეთვე აბაშის რაიონის სოფელ პირველ მაისს (650 აბონენტი) აწვდის. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვესადგურის და შესაბამისად, აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობა და ხარისხი. ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხავს უამინდობის და სხვა მიზეზის გამო გამოწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას", - აცხადებენ კომპანიაში.

მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროგამანაწილებელი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სს "ენერგო-პრო ჯორჯია" იმერეთის რეგიონის ყველა მომსახურების ცენტრში ახორციელებს.