თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში, კომპანია MAN-ის კლიენტთა მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების დიზაინისა და ფერების შერჩევა ხდება.
თბილისის მერიის ცნობით, კახა კალაძემ MAN-ის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა და საზოგადოებას ავტობუსების ფერის შერჩევის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. სავარაუდო ფერად თეთრისა და მწვანის კომბინაცია დასახელდა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, დედაქალაქის მთავრობა საზოგადოებასთან ერთად მიიღებს.
„MAN-ის საგამოფენო დარბაზში სხვადასხვა ტიპის ავტობუსებია წარმოდგენილი. გუშინ ვიმყოფებოდით საწარმოში, სადაც ჩვენთვის განკუთვნილი ავტობუსების აწყობაა დაწყებული. მინდა, ფერის შერჩევის პროცესში ქალაქის მოსახლეობაც ჩაერთოს და თავისი მოსაზრებები გამოთქვას. საწარმოში ფერების საკმაოდ დიდი არჩევანია და გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება მწვანე ფერი დომინირებდეს. შესაძლებელია თეთრი, შავი და მწვანე ფერი ერთად იყოს. ასევე, შეიძლება ვერცხლისფერისა და შავის კომბინაცია. კარგი იქნება შერჩევის პროცესში ქართული დიზაინერული კომპანიებიც თუ ჩაერთვებიან, რადგან ამ მიმართულებით ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის განცხადებით, რაც შეეხება თავად ავტობუსებს, რომელთა შემოყვანაც თბილისში მომავალი წლისთვის იგეგმება, სხვადასხვა ზომის - რვა-ათი და 12-მეტრიანი (CNG–ძრავით (ბუნებრივი აირი), დიზელზე მომუშავე (ევრო–6), ელექტროავტობუსები) იქნება.
„კომპანია MAN-ის წარმომადგენლებს ვთხოვეთ, რომ აღნიშნული ფერები კონფიგურაციულად წარმოადგინონ, თუ როგორი იქნება რეალობაში და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. გავამზადებთ ვიზუალურ ნაწილს და რამდენიმე ვარიანტს წარმოგიდგენთ. 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს ავტობუსების ახალი პარკი ეყოლება. პრობლემის სრულად გადაჭრისთვის ეს საკმარისი ვერ იქნება, თუმცა ასევე, დაწყებული გვაქვს ტაქსების რეფორმა, ტექნიკური ინსპექტირების გამკაცრება და სხვა. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენც და მომავალმა თაობებმაც. მგონია, რომ ერთიანი ძალისხმევით ამ ყველაფერს შევძლებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ოპონენტებს მოუწოდა, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სტრატეგიას გაეცნონ და ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
„მინდა, მივმართო კრიტიკოსებს, რომლებიც ქილიკობდნენ, თითქოს, არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ფერი წყვეტს. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რა პრობლემები არსებობს ქალაქში და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს. მერია ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. კრიტიკოსებს ვურჩევ, რომ ჩვენს სატრანსპორტო სტრატეგიას გაეცნონ და კითხვებიც აღარ დაებადებათ, თუმცა, სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომელთაც სიახლეები და წინსვლა არ უხარიათ. ვიწრო პარტიული ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და ყველამ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ქალაქის განვითარებაში, მოწესრიგებასა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძე გუშინ პოლონეთში, MAN-ის ქარხანაშიც იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. დედაქალაქის მოსახლეობას აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული, დიზელზე მომუშავე 90 ერთეული ავტობუსი რამდენიმე თვეში მოემსახურება.