"მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა"

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიცირების გზით.ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მარიკა გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული პროდუქტი სულ უფრო მეტ ახალ საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს, რისი შედეგიცაა 2018 წლის 9 თვის მონაცემები, რომლის თანახმადაც ექსპორტის ზრდა გვაქვს დაახლოებით 25.7%.

მარიკა გაბუნიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან მატებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით, კერძოდ, მისი ინფორმაციით, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ექსპორტი დაახლოებით 80%-ით არის გაზრდილი;

„63%-იანი ზრდაა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის შემთხვევაშიც; ცხვრის ხორცის ექსპორტი, რომელიც ახალი პროდუქტია ჩვენი ბაზრისთვის, დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი. ასევე ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ იზრდება არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ სამრეწველო პროდუქციის ექსპორტიც. მაგალითად მინდა აღვნიშნო, რომ აზოტოვანი სასუქების ექსპორტის 30%-იანი ზრდა გვაქვს. გაორმაგებულია სამედიცინო ხელსაწყოების ექსპორტი, რომელიც ასევე ბოლო პერიოდში გამოჩნდა როგორც საექსპორტო პროდუქცია და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მსუბუქი ავტომობილების (87.1%), სიგარების და სიგარეტების (5-ჯერ მეტად), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (20.3%), ფეროშენადნობის (14.9%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (19.3%), და აზოტოვანი სასუქების (30.4%) ექსპორტი.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 13.2%-ით გაიზარდა და 533.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნების გარდა ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანში (104.4%), სომხეთსა (34.5%), და უკრაინაში (60.4%).