ღამის დისტრიბუციის საკითხის განხილვა დროებით შეჩერდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ განუცხადა, საკითხზე მსჯელობა 2019 წლამდე გადაიდო, ამოქმედება კი შესაძლოა, 2020-21 წლებში მოხდეს. მისი თქმით, იმ დრომდე, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტები არ შემცირდება, დისტრიბუტორები ისევ დღის საათებში იმოძრავებენ.
ამასთან, ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დისტრიბუციის ღამით გადატანა არამხოლოდ რითეილ სექტორს, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებდა, რადგან პატარა სავაჭრო ობიექტები მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდნენ და ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობაც გაიზრდებოდა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერად არჩევის პირველივე დღეებიდან გამოვიდა ინიციატივით, რომ დისტრიბუციის ავტომანქანებს ღამის საათებში ემოძრავათ. როგორც ის განმარტავდა, დისტრიბუციის ავტომანქანები გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის დროს, ე.წ. პიკის საათებში პრობლემას ქმნიან.
„სადისტრიბუციო მანქანებისთვის მითითებული იქნება გარკვეული დრო, სავარაუდოდ, 20.00 საათიდან დილის 7 საათამდე”, - აცხადებდა კახა კალაძე.
კალაძის განცხადების შემდეგ მერიასა და დისტრიბუტორთა ასოციაციას შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებდა, სადისტრიბუციო მანქანები საცობს არ ქმნიან, რადგან მათი 80% პიკის საათებში არ მოძრაობს.
ამასთან, აღნიშნავდა, რომ სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში გადაყვანა მთელ რიგ პრობლემებს შექმნიდა. კერძოდ, ივა ჭყონიას თქმით, ღამის საათებში ვერ მოხერხდებოდა საცალო სავაჭრო ობიექტების მომარაგება, რაც მათ დახურვამდე მივიდოდა. 5000 სავაჭრო ობიექტი კი დახურვის საფრთხის წინაშე დადგებოდა.
აღნიშნულზე მერიასა და დისტრიბუტორთა ასოციაციის მოლაპარაკებები საკითხის გადავადებით დასრულდა.
როგორც დღეს ივა ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, იმ დრომდე, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტები არ შემცირდება, სადისტრიბუციო მანქანები მუშაობას ჩვეულ დროს განაგრძობენ. 2019 წელს კი , შესაძლოა, სახელმწიფო უწყებებს თავად ასოციაციამ მიმართოს, რომ რითეილერებთან პრობლემების მოგვარების პროცესში თავადაც ჩაერთონ.
„ჯერ-ჯერობით საკითხი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდა. ამ ეტაპზე დისტრიბუციის ღამით გადატანა არ იგეგმება. საუბარი განახლდება 2019 წელს, როდესაც საცალო სავაჭრო ობიექტები შემცირდება და შედარებით ნაკლები საფრთხის წინაშე ვიქნებით ჩვენც, რათა ქსელში მეტი ამოუღებელი თანხები აღარ დარჩეს და ამდენი დაუსაქმებელი ადამიანი არ იყოს. მერე უკვე შედარებით ლოგიკური იქნება ამ თემაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშო, რომ დღის განმავლობაში, როდესაც სადისტრბუციო მანქანები დადიან, საცობს ნამდვილად არ ქმნიან. საცობის გამომწვევ მიზეზებს შორის, პროცენტულად შეიძლება 1% ეკავოს სადისტრიბუცო მანქანებს“,-აცხადებს ივა ჭყონია.
მისი თქმით, მოლაპარაკება 2019 წელს კი განახლდება, თუმცა ამოქმედება სავარაუდოდ, უფრო მოგვიანებით, 2020-21 წლებში მოხდება.
„2019 წელს შეიძლება ჩვენ თვითონვე შევიდეთ ინიციატივით, რომ სახელმწიფო რაღაც დონეზე მაინც დაგვეხმარს რითეილ სექტორთან მოლაპარაკებებში. ჩვენთვისაც შედარებით უფრო მარტივი იქნება ღამის საათებში ამის გაკეთება, გარკვეულწილად საწვავის ხარჯიც დაიზოგება. ამ პერიოდში ჩვენც უფრო მომზადებული ვიქნებით და მეორე მზარეც, რითელ სექტორს ვგულისხმობ. ღამის დისტრიბუციაზე ახლავე, ასე ხელარებით რომ გადავსულიყავით, ეს არამარტო ჩვენ და რითეილერ სექტორს, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას აზარალებდა“,-აცხადებს ივა ჭყონია.