პარკირების საათობრივი საფასური შესაძლოა, 20 თეთრიდან დაიწყოს.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, თუმცა არ გამორიცხა, რომ შედეგის შესაბამისად, ფასი გაიზარდოს.
„ფასი შეიძლება 20 თეთრიდან იყოს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული იქნება. ჩვენ თუ კონკრეტულ ქუჩებზე იგივე შედეგი დაგვხვდა, სადაც ტრანსპორტი გავაუმჯობესეთ, ე.ი ფასი უნდა გაიზარდოს. ფასის ზრდა ან კლება დამოკიდებული იქნება შედეგზე. მაცხოვრებლებისთვის იქნება ის ფასი, რაც ახლა არის შეთავზებული - წელიწადში 50 ლარი და 6 თვეში 25 ლარი, მაგრამ ვიზიტორებისთვის გადასახადი გაცილებით მეტი იქნება. შესაძლებელია პარკირების საფასური ძველ თბილისსა და ვაკე-საბურთალოს რაიონში განსხვავებული, დიფერენცირებული იყოს, თუმცა, მაინც ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. კონკრეტულ საფასურს, რომელი იქნება ეფექტური, თვითონ ექსპერტებიც ვერ ამბობენ. ჩვენი მიზანი არ არის პარკირების საფასურიდან შემოსავალი მივიღოთ, სულ სხვა პრობლემა გვაქვს დედაქალაქში“, - ამბობს მუმლაძე.
კითხვაზე: რა პრინციპით გადაიხდიან მძღოლები საათობრივი პარკირების საფასურს? მუმლაძე პასუხობს: მძღოლები პარკირების საფასურს როგორც სპეციალური აპლიკაციით, ასევე საბანკო ბარათით გადაიხდიან.
„იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელითაც მძღოლები საათობრივი პარკირების საფასურის გადახდას შეძლებენ. ტელეფონის საშუალებით შეიძლება საათობრივი პარკირების დროის ათვლა და საფასურის დაანგარიშება და ანგარიშიდან ჩამოჭრა. ასევე დავთვალეთ ის ადგილები, სადაც საათობრივი პარკირება იქნება და ვნახეთ, რომ 200-მდე დამატებითი „ფეი ბოქსი“ იქნება საჭირო, რომ დაიდგას და ამის საშუალებით თანხას ჩავრიცხავთ. „ფეი ბოქსების“ განთავსებასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდება. მანქანის გაჩერების ადგილიდან „ფეი ბოქსის“ აპარატამდე დაშორებები გვინდა მინიმალური იყოს. მაგალითად, მანქანას რომ გააჩერებს მძღოლი, მაქსიმუმი იყოს 25 მეტრი, რომ საფასური გადაიხადონ. ან ტელეფონში ექნება აპლიკაცია, რომ ერთი თითის დაჭერით მოახდინონ გადახდა“, - აცხადებს მუმლაძე.