ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეფრინველეობის კომპლექსი დაათვალიერა

ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იაირ შამირმა და ისრაელის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამიერკავკასიაში უმსხვილესი შპს ,,ჩირინა"-ს მეფრინველეობის კომპლექსი დაათვალიერეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იაირ შამირმა და ისრაელის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა, მეფრინველეობის კომპლექსი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, დავით გალეგაშვილთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი მღებრიშვილთან და საქართველოში ისრაელის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

,,ბოლო პერიოდში, სოფლის მეურნეობა ქვეყანაში რეალური პრიორიტეტი გახდა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების შედეგად, სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია კომპანია "ჩირინა", რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და დღეისათვის 250 ადამიანია დასაქმებული", - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ,,ჩირინა" 6000 ტონა ხორცს აწარმოებს და 2014 წლის ბოლომდე წარმოების გაორმაგებას გეგმავს. კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტშიც არის ჩართული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ისრაელის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შპს ,,ჩირინას" ხელმძღვანელებმა კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.

,,ჩირინა" ამიერკავკასიაში უმსხვილესი მეფრინველეობის კომპლექსია, რომელიც მთლიანად ეფუძნება ევროპულ წამყვან ტექნოლოგიებს. მისი ერთ-ერთი პარტნიორია ისრაელის წამყვანი კომპანია Agrotop, რომლის დახმარებითაც დაიგეგმა და აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების ფერმები.

მეფრინველეობის კომპლექსის მონახულებით ისრაელის სამთავრობი დელეგაციის საქართველოში ვიზიტი დასრულდა.