ვინ ითბობს ხელს ლარის გაუფასურებით?!

არ არის გამორიცხული, ქვეყნიდან ფული იმ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს გაჰქონდეთ, რომლებიც ფარულ აუდიოჩანაწერებში დასახელდნენ... შესაძლოა, ისინი თავს იზღვევენ, რადგან საზოგადოება საგამოძიებო უწყებებს მათი შემოსავლებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

გასულ კვირას ლარმა სწრაფი ტემპებით დაიწყო გაუფასურება და ისტორიულ მაქსიმუმს საკმაოდ მიუახლოვდა. ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ფასი 2,70 ლარის ნიშნულზე განისაზღვრა, თუმცა, ტრადიციულად, უფრო ძვირად იყიდება დოლარი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში.

გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი კი ლარმა 2016 წლის დეკემბერში აჩვენა, როცა ერთი დოლარის ფასი 2,78 ლარს გადასცდა. ლარის არსებობის ისტორიაში ეროვნულმა ვალუტამ 2-ლარიანი ბარიერი უკვე დიდი ხანია გადალახა და მას შემდეგ ნელი ცურვით წინ, გაუფასურებისკენ მიიწევს. განსაკუთრებულად ეს სენი წლის მიწურულს შეეყრება ხოლმე, რასაც ანალიტიკოსები ლოგიკური მიზეზებით ხსნიან. წლეულს კი ლარმა ყველასთვის მოულოდნელად, ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონისას დაიწყო გაუფასურება და მხოლოდ ბოლო 3 თვეში, დოლარი დაახლოებით 25 თეთრით გაგვიძვირდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლარი არც ამის შემდეგ გაჩერდება და ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ჯერ 2,72-იან ნიშნულს გადალახავს, წლის ბოლოსთვის კი არ არის გამორიცხული, ისე ახლოს მივიდეს 3-ლარიან ზღვართან, რომ გაუფასურების რეკორდი მოხსნას. ამას კი ხელისუფლების არასწორი ფისკალური პოლიტიკაც შეუწყობს ხელს, რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ათვისება მეტწილად წლის ბოლოს ხდება.

ვაჟა კაპანაძე, საბანკო სფეროს ექსპერტი: "სავალუტო ვაჭრობაზე დაკვირვება წლების განმავლობაში სამსახურებრივად მევალებოდა, აგრეთვე სტატისტიკის წარმოებაც. 90-იან წლებში, როცა ლარი ახალშემოსული იყო ბრუნვაში, საინტერესო ტენდენციები იკვეთებოდა. მაგალითად, ხუთშაბათს და პარასკევს ლარი, როგორც წესი, მყარდებოდა, ხოლო კვირის დასაწყისში გაუფასურების ტენდენციით ხასიათდებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ 1 დოლარის ღირებულება დაახლოებით 1,30 ლარი იყო და გაუფასურება-გამყარებაც მცირე სხვაობით ხდებოდა. იმ პერიოდში საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებული იყო ე.წ. მაქოსებრი ბიზნესით - გადადიოდნენ თურქეთში, საქონლის მცირე პარტიები ჩამოჰქონდათ და შემდეგ ყიდდნენ. ისინი პროდუქციას საქართველოში ძირითადად კვირის მიწურულს ყიდდნენ, შემოსული თანხით იხდიდნენ ვალებს, ორშაბათს ახალ კრედიტებს იღებდნენ, ყიდულობდნენ დოლარს და კვლავ მიემგზავრებოდნენ თურქეთში. მეტსაც გეტყვით, იმ დროს პენსიების გაცემის პერიოდიც კი მოქმედებდა ლარი-დოლარის გაცვლით კურსზე. გახსოვთ ალბათ, მაშინ ხელისუფლება ზოგჯერ დაგვიანებით რამდენიმე თვის პენსიას გასცემდა ერთდროულად და აუცილებლად ამასაც კურსის რყევა მოჰყვებოდა. არა იმიტომ, რომ პენსიონერები თავიანთი 14-ლარიანი პენსიით გარბოდნენ და ჯიხურებში დოლარს იმარაგებდნენ, არამედ იმიტომ, რომ ე.წ. მკვდარ სულებზე გაცემული პენსიებით ვიღაც საკმაოდ კარგად ითბობდა ხელს და ბიუჯეტის ფულს უფრო მყარ ვალუტაში ახურდავებდა.

წარსულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, დღევანდელ ვითარებაზე საინტერესო დასკვნების გამოტანა შეიძლება.

bpn

ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, არანაირი მიზეზი იმისა, რომ ლარის ასეთი ვარდნა მომხდარიყო, არ არსებობს. შესაძლებელი იყო ლარი დოლარის მიმართ 0,5-1 თეთრით გაუფასურებულიყო ან გამყარებულიყო ბოლო თვეების განმავლობაში. ხოლო როცა ლამის ყოველ ვაჭრობაზე 1,5-3 თეთრით ეცემა ლარის ღირებულება, ამის მიზეზი ან ბრუნვაში გაშვებული ლარის ძალიან დიდი მასა უნდა გახდეს, ან მნიშვნელოვანი ჩავარდნა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებში.

მსგავსიც კი არაფერი ყოფილა, ამიტომ ამის შემდეგ ლარის გაუფასურების მიზეზებზე ეკონომისტებს კი არა, ნათელმხილველებს უნდა ჰკითხოთ.

თუ ლარის გაუფასურების ობიექტური საფუძველი არ არსებობს, ე.ი. არსებობს სუბიექტური ფაქტორები და მიზეზები სწორედ აქ უნდა ვეძებოთ.

რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ლარის კურსის ვარდნა მოლოდინებს დაუკავშირა. ესეც სუბიექტური, ანუ უსაფუძვლო ფაქტორია და არა ეკონომიკური, ობიექტური.

თუ ცრუ მოლოდინები მოქმედებს ლარის კურსზე, ამას რა უნდა დაუპირისპიროს ეროვნულმა ბანკმა? რა თქმა უნდა, ობიექტური ინფორმაცია. სად არის ეს ობიექტური ინფორმაცია? რამე გააკეთა ეროვნულმა ბანკმა, რომ ეს სუბიექტური მოლოდინები გაექარწყლებინა? ამაში ვუხდით ამ ხალხს ამხელა ხელფასს?

წინა თვეში ეროვნულმა ბანკმა ორჯერ, ჯამში 15 მილიონი დოლარი ამოიღო ბაზრიდან - იმ პირობებში, როცა ლარი უფასურდებოდა... რა ისწავლა ეროვნულმა ბანკმა გასული წლის მაგალითებიდან? ყოველ წელს ლარს შემოდგომაზე გრიპივით ემართება გაუფასურება. აქამდე მეზობელი ქვეყნების ვალუტებს აბრალებდნენ, ახლა თურქეთსა და რუსეთში პირიქით შეტრიალდა პროცესები და მათმა ვალუტებმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო...

თუ ლოგიკურად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ლარის გაუფასურება არ არის გამოწვეული ობიექტური ფაქტორებით, მაშინ უნდა ვეძებოთ სუბიექტური, ანუ ადამიანური ფაქტორები. ვის შეიძლება მოეფიქრებინა ისეთი სქემა, რომლითაც ამ შედეგს მიიღებდა?

წესით, მთავრობის ინტერესებში ლარის კურსის გაუფასურება არ უნდა შედიოდეს, რადგან საარჩევნო პერიოდია და მოსახლეობის განაწყენება არ აძლევს ხელს. გარდა ამისა, მთავრობა ჭარბვალიანობის დაძლევის პროგრამით გამოდის და ერთი ხელით ჭარბვალიანობას ებრძოდეს, ხოლო მეორე ხელით მოსახლეობას კურსზე თამაშით სესხს კიდევ უფრო უძვირებდეს, ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ. თუ არც მთავრობას აწყობს ლარის გაუფასურება და არც მოსახლეობას, მაშინ ვინ დარჩა? ჩვენი ბაზარი იმდენად მცირეა, რომ ნებისმიერი ძლიერი საბანკო სუბიექტის მიერ განხორციელებულმა სავალუტო ოპერაციამ, ქცევამ, შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ლარის კურსზე. კომერციულ ბანკებს შესაძლოა ერთ ეტაპზე ჰქონდეთ ჭარბი ლარი, ხოლო მეორე ეტაპზე - ჭარბი დოლარი. შესაბამისად, ისინი არჩევენ ხელსაყრელ დროს, რომ რაც შეიძლება ძვირად გაყიდონ ან ერთი, ან მეორე ვალუტა და შესაბამისად, ცდილობენ იმოქმედონ იმგვარად, რომ სწორედ ის გაცვლითი კურსი დააფიქსირონ, რომელიც მოცემულ მომენტში აწყობთ. ანუ, კომერციულმა ბანკებმა რომ გაცვლითი ოპერაციებით მოგება ნახონ, კურსი ხან მაღალი უნდა იყოს და ხანაც დაბალი. ეს ჩვეულებრივი ტოტალიზატორია, სადაც კურსზე თამაშით ბანკებს დიდი მოგების მიღება შეუძლიათ (მხოლოდ სექტემბერში ბანკების მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 19,5 მილიონი ლარი შეადგინა. - ავტ.).

კომერციული ბანკის გარდა, სავალუტო ოპერაციებიდან მოგების მიღების ინტერესი შესაძლოა ჰქონდეს ეროვნულ ბანკს, რადგან მისი მოგების ძირითადი წყარო არის მიმოქცევაში გაშვებული ყოველი ლარი და ის რეზერვები, რომლებიც მას განთავსებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებში. აქედან შემოსული შემოსავლები არის ეროვნული ბანკის მოგებისა და ხელფასების გაცემის ძირითადი წყარო.

ადრე ეროვნული ბანკის მოგება ბიუჯეტში მიდიოდა, ხოლო ახლა ის თავისი მოგების საფუძველზე ემსახურება როგორც ხელფასებს, ისე ვალებს.

ეს არის არგუმენტები, რაც მაფიქრებინებს, რომ ეროვნული ბანკის რბილი პოლიტიკა და კომერციული ბანკების ინტერესი ქმნის იმ მოცემულობას, რომელიც კურსის თვალსაზრისით გვაქვს.

კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია არჩევნები, მაგრამ არა საარჩევნოდ დახარჯული ფული. ასეთ დროს სხვადასხვა ბიზნესსუბიექტები თუ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს, არჩევნების წინ თავს იზღვევენ და საეჭვოდ, არალეგალურად მიღებული შემოსავლები ოფშორში გააქვთ. თავისი მნიშვნელობით ეს არჩევნები არ არის ისეთი, რომ ხელისუფლების შეცვლას მოასწავებდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი მეტად საინტერესო გარემოება. არ არის გამორიცხული, ქვეყნიდან ფული იმ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს გაჰქონდეთ, რომლებიც ფარულ აუდიოჩანაწერებში დასახელდნენ... შესაძლოა, ისინი თავს იზღვევენ, რადგან საზოგადოება საგამოძიებო უწყებებს მათი შემოსავლებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. არ არის გამორიცხული, ახლა სწორედ ეს ფული გადიოდეს ქვეყნიდან, რამაც გააჩინა მოთხოვნა დოლარზე და შესაბამისად გააძვირა კიდეც. ამიტომ, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საშუალებით ამ თანხებსაც უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ როგორც ჩანს, სახელმწიფოებრივი აზროვნების დიდი დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში".

ემა ტუხიაშვილი

წყარო: „კვირის პალიტრა"