Facebook-ი კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანიის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი The Information იუწყება.
გამოცემის წყაროს ცნობით, Facebook-ის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს მთელ რიგ კომპანიებს მათი შეძენის წინადადებით. ზოგიერთ მათგანთან კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა მათი სახელები არ ხმაურდება. სავარაუდოდ, შეთანხმებას წლის ბოლოსთვის მოეწერება ხელი.
როგორც ინტერნეტ-გამოცემა წერს, ამ ტიპის შენაძენის გაკეთების მთავარ მიზეზად სახელდება ჰაკერების ბოლოდროინდელი შეტევა სოციალურ ქსელზე, რომლებმაც შეძლეს 30 მილიონი მომხმარებლის ანგარიშში შეღწევა. Facebook-მა აქამდეც შეიძინა მსგავსი კომპანიები, რომლებიც საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში მუშაობენ. კერძოდ 2014 წელს მათ იყიდეს კომპანია PrivateCore, რომელიც სერვერების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ამჯერად კი კომპანია ცდილობს პირველ რიგში ყურადღება მიაქციოს იმ ტიპის კომპანიებს, რომლებიც მონაცემთა ანალიზზე მუშაობენ. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ ამით Facebook-ი შეეცდება ფოკუსირება მოახდინოს არასანქცირებულ შეღწევაზე. გამოცემის ინფორმაციით, ასეთი შენაძენისთვის კომპანია ასობით მილიონის გადახდისთვის მზად არის.
კოკა კვირკველია