საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4498 მლნ დოლარი შეადგინა

2014 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4498 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია.

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, აქედან ექსპორტი 1175 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (17 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 3322 მლნ აშშ დოლარს (15 %-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-მაისში 2147 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.

2014 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1165 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 253 მლნ აშშ დოლარი იყო (58 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 912 მლნ აშშ დოლარი (8 %-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში - 22 პროცენტი და იმპორტში - 27 პროცენტი. (2013 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 26, 16 და 29 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 31 პროცენტი (2013 წლის იანვარ-მაისში 36 პროცენტი).

დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვარ-მაისში 1429 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 11 %-ით მეტი). აქედან ექსპორტმა 628 მლნ აშშ დოლარს (13 %-ით მეტი), ხოლო იმპორტმა 802 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (10%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში - 53 პროცენტი და იმპორტში - 24 პროცენტი. (2013 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 33, 55 და 25 პროცენტი). 2014 წლის იანვარ-მაისში, დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 8 პროცენტი (2013 წლის იანვარ-მაისში 9 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (776 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (489 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (309 მლნ აშშ დოლარი).

2014 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 243 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 21 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 127 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 11 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 116 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2014 წლის იანვარ-მაისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 338 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 262 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 160 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).