2020 წლიდან დედაქალაქში 18 მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. კალაძის თქმით, 2019 წლის შემდეგ ქვეყანაში შემოსული ყველა ავტობუსი ელექტრო იქნება.
თბილისის მერის თქმით, 18 მეტრიანი ავტობუსების საჭიროება იმ კვლევის შუალედურმა დასკვნამ აჩვენა, რომელსაც „სისტრა“ მერიის დაკვეთით ატარებს.
„2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18 მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. თავიდან მეგონა 18 მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება ქალაქში შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა იმ კვლევით, რომელსაც კომპანია „სისტრა“ ატარებს და ჩვენ გვაქვს უკვე შუალედური მონაცემები, ამ კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს სჭირდება ელექტროავტობუსები, რომელიც უნდა იყოს 18 მეტრიანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის 550 ავტობუსი, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, დაახლოებით 900 ერთეულამდე გაიზრდება და 2019 წლის შემდეგ შემოსული ყველა ავტობუსი იქნება ელექტრო“, - განაცხადა კახა კალაძემ.