ჩინელების მიერ შემუშავებულმა თვითმფრინავმა - ამფიბიამ AG600 წარმატებით ჩააბარა პირველი საცდელი აფრენა და დაჯდომა წყლის ზედაპირიდან. ამის შესახებ ჩინური სააგენტო „სინხუა“ წერს.
საცდელი აფრენა, რომელიც ქალაქ ცზინმენის წყალსაცავიდან მოხდა, ქვეყნის წამყვანი ტელეკომპანიების პირდაპირ ეთერში, ინტერნეტში სხვადასხვა რესურსით გადაიცემოდა. აფრენამდე თვითმფრინავმა წყლის ზედაპირზე რამდენიმე მანევრი შეასრულა სხვადასხვა სიჩქარით, რა დროსაც სხვადასხვა მაჩვენებელი შემოწმდა.
როგორც ცნობილია, ჩინურმა ავიამშენებელმა კომპანიამ AVIC-მა ამ პროექტზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო, პირველი საცდელი მოდელი კი კონვეიერიდან 2016 წელს ჩამოვიდა. მის შემუშავებაში 3 მილიარდი იუანი (441 მილიონი დოლარი) დაიხარჯა. ჰიდროთვითმფრინავი განკუთვნილია სამოქალაქო ავიაციისთვის და კონსტრუირებულია სპეციალურად ტყის ხანძრების წინააღმდმეგ და სამაშველო ოპერაციების საწარმოებლად. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას ჩინეთის შეიარაღებული ძალები გამოიყენებდა.
თვითმფრინავის მაქსიმალური ასაფრენი მასა შეადგენს 53,5 ტონას, მას შეუძლია მაქსიმალური 500 კმ სიჩქარის განვითარება, ხოლო ჰაერში შეუძლია მაქსიმუმ 12 საათი იყოს. თვითმფრინავის სიგრძე 37 მეტრია, ფრთების გაშლის სიგანე კი 38,8 მეტრი. მისი წარმოება სატვირთო და სამოქალაქო მოდიფიკაციებით მოხდება. მისი საბოლოო სერტიფიცირება კი 2022 წლისთვის მოხდება.
კოკა კვირკველია