სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე დადგენილი მორატორიუმი გააუქმა.

ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა განაცხადა.

სულხანიშვილის ინფორმაციით, სასამართლოს პლენუმმა 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, საქმეზე "დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", ძალადაკარგულად ცნო ის ნორმა, რომელიც უცხოელებს უკრძალავდა გამხდარიყვნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეები. ამის შემდგომ უკვე, 2013 წლის 28 ივნისის კანონით, ცვლილებები შევიდა "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებული იყო უცხოელი ფიზიკური პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება. შემდგომ უკვე სარჩელით მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერმა და მოითხოვა ამ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობა. სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ნორმას იგივე შინაარსი აქვს, რაც ნორმას, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის გადაწყვეტილებით.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო იმ საკანონმდებლო ნორმას, რომლის მიხედვითაც, თუ სასამართლო განხილვისას სახეზეა ნორმა, რომელიც ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილია სასამართლოს მიერ, მას შეუძლია, საქმის არსებითად განხილვის გარეშე, განჩინებით გააუქმოს აღნიშნული ნორმა.

პარლამენტმა გასულ წელს უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვაზე მორატორიუმი დააწესა. კერძოდ, "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე კანონის იმ ნაწილის მოქმედება შეჩერდა, რომელიც უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. ამასთან, მთავრობას ექვსი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

მოგვიანებით, მთავრობის ინიციატივით აღნიშნულ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ განხორციელდა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებით ერთგვარი გამონაკლისების დაშვება მოხდა. ბოლო ცვლილებების თანახმად, 2014 წლის 31 დეკემბრამდე უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის, ასევე უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ პირთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვების შეჩერების გადაწყვეტილება კომერციულ ბანკებზე არ ვრცელდება. ასევე კანონს დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული შეზღუდვა, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, "განსაკუთრებულ შემთხვევებზე" არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნორმა ასევე წინააღმდეგობაში მოდიოდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთანაც.