5 ნოემბრიდან შესაძლოა, ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის ახალი ნორმები ამოქმედდეს

ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურების დაჩქარების და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, პროდუქტის ამოღების, გამოთხოვის, განადგურებისა და შესაბამისი სანქციების პროცედურების დროულად ამოქმედების მიზნით, კანონში ცვლილებები ხორციელდება.

პარლამენტს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომლის მიხედვით, კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, 2019 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2018 წლის 5 ნოემბრიდან ამოქმედდება. ასევე მთავრობამ 5 ნოემბრამდე (ნაცვლად 2019 წლის 1-ელი იანვრისა) უნდა დაამტკიცოს პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების წესი და პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის, რეალიზაციის შეჩერებისა და განადგურების წესი.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა მოამზადა.